დოკუმენტური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

/დოკუმენტური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

დოკუმენტური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობებ

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2021 წლის 27 ოქტომბერი

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ  პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული).

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორების პროექტებს, რომელთაც გაიმარჯვეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სხვა კონკურსში და პროდიუსერის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი წარმოდგენილი იყოს რეჟისორად კონკურსში მონაწილე ორ ან მეტ პროექტში.

მიმდინარე კონკურსში არ დაიშვება პროექტები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს დაფინანსება კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში.

 

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • ამონაწერი (განახლებული 2021 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  • ავტორების პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
  • ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  • ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  • პროდიუსერის მოტივაცია;
  • პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რეჟისორის ხედვა;
  • რეჟისორის წინა ნამუშევარი;
  • მოკლე სინოფსისი (1 გვერდი);
  • სცენარის სამუშაო ვერსია;
  • ვიზუალური მასალა (არსებობის შემთხვევაში)
  • განვითარების ბიუჯეტი;

 

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS)  საშუალებით. იხილეთ ვიდეოგზამკვლევი  https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

 

დედლაინი

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2021 წლის 19 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.

კონკურსის  ეტაპები

კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს გარკვეულ ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.

ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. გასაუბრება მოიცავს პროექტის პრეზენტაციას და კომისიის წევრების კითხვებზე პასუხს. გასაუბრების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 30 წუთით.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.

 

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას, პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.

 

შედეგების გამოქვეყნება და ინფორმაციის გამოთხოვა

კომისიის დასკვნის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს: აქვეყნებს რეიტინგულ სიას, გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, გამოითხოვოს ინფორმაცია  – საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე. ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

 

პროექტის განვითარებისთვის მიღებული თანხა შესაძლებელია გაიხარჯოს შემდეგ მუხლებზე:

  • ჰონორარები (რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი) მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 25%-ს;
  • საავტორო უფლებების მოპოვება;
  • კვლევა;
  • საარქივო მასალის მოძიება/შეძენა;
  • მივლინებები;
  • სცენარის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის თარგმნის ხარჯები;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ინდუსტრიულ ღონისძიებებში პროექტის განვითარების მიზნით;
  • მუდ-ბუქის შექმნის ხარჯები;
  • თიზერის შექმნის ხარჯები;
  • პროექტის განვითარების კონსულტანტის ჰონორარი;

 

 

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2022 წლის  08 ივლისისა კინოცენტრს ჩააბარონ:

  • დოკუმენტური ფილმის ლოგლაინი;
  • დოკუმენტური ფილმის სინოფსისი (1 გვერდი);
  • განვითარებული სცენარი;
  • რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  • მომავალი ფილმის ვიზუალური მასალა: თიზერი და ფოტოები;
  • მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  • დოკუმენტური ფილმის სამუშაოების შესრულების გრაფიკი;
  • ფინანსური გეგმა;
  • თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში);

 

 

 

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

 

 

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 428 180 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

ბრძანების გადმოწერა

 

2021-10-27T17:02:32+00:00