საქართველო ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
იანვარი 24, 2019

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ იქნება წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენენ.
საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებისთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” გაცნობა მოხდება.

კინობაზრობაზე (EFM)საქართველოს პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილი, Creative Europe-ს მედია ქვეპროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი – მარიამ მარიამიძე და ანიმაციური ფილმების პროდიუსერი მარიამ კანდელაკი.

სექციაში Generation გაიმართება იანა უგრეხელიძის ანიმაციური ფილმის “ომის იავნანა” პრემიერა. იანა უგრეხელიძე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ანიმატორია, რომელმაც ფილმი “ომის იავნანა” ბავშვის თვალით დანახული აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ შექმნა. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს მშობლიურ ქალაქს 4 ბავშვი 4 შესაძლო გზით – ხანძრით მოცული ქალაქიდან.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ, ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოცენტრების და კინოინსტიტუტების წარმომადგენლებთან: ნორვეგია, ესტონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ხორვატია, პოლონეთი. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. პრეზენტაციებისას წარმოდგენილი იქნება 9 ქართული სრულმეტრაჟიანი პროექტი, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება ან განვითარების გარკვეულ ეტაპზეა.
პროექტებს უცხოელი კოლეგების წინაშე ავტორები წარადგენენ:

  1. “ბავშვი” (პროდ. კარლო ჩიხრაძე)
  2. “დიაკვანი” (პროდ. გიორგი თავართქილაძე)
  3. “მამა” (პროდ. ელენე კოლელიშვილი)
  4. “ნაცრისფერი ცა” (პროდ. კონსტანტინე კალანდაძე)
  5. “ლიზა ბოზია” (პროდ. სოფო ჟვანია)
  6. “წყნარი მთა” (პროდ. ლუკა ბერაძე)
  7. “შეხვედრა” (პროდ. ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე)
  8. “ქორწილი ჩემს ქუჩაზე” (პროდ. ვლადიმერ ჩიხრაძე)
  9. “ზამთრის დეპრესია” (პროდ. ვალერიან კირკიტაძე)

ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს 2 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი – ნათია ნიკოლაშვილი და სანდრო სულაძე. სანდრო სულაძე დამსწრე საზოგადოების წინაშე მისი ახალი ფილმის პროექტს “გუშაგები” წარადგენს.

ასევე, Market Screening-ზე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები და დისტრიბუტორები დახურულ ჩვენებაზე ნახავენ ზაზა ურუშაძის ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს “ანტონი”.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, სტარტს 7 თებერვალს აიღებს და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.