სალომე ჯაშის ფილმი Astra Film Festival-ზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა
ოქტომბერი 24, 2016
სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა “დაისის მიზიდულობა” მორიგი პრიზი რუმინეთში, Astra Film Festival-ზე მოიპოვა.
რეჟისორს მთავარი ჯილდო საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ფილმის შექმნისთვის გადაეცა.
Astra Film Festival ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად და რუმინეთში ქვეყნის მთავარ კინომოვლენად ითვლება.
“დაისის მიზიდულობა” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა.
ფილმს ასევე აქვს ჩილეში, ვალდივიის კინოფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი.