"ევრიმაჟის" ახალი პრეზიდენტი კატრინ ტრატმანი გახდა
დეკემბერი 19, 2016
კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდს “ევრიმაჟი” ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
ფონდის პრეზიდენტად კატრინ ტრატმანი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.
“ევრიმაჟის” ახალი პრეზიდენტი საფრანგეთის წარმომადგენელია, რომელსაც კინო და აუდიო-ვიზუალურ სექტორში დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
კატრინ ტრატმანის სამუშაო ბიოგრაფია რამდენიმე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას მოიცავს, მათ შორის საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრის პოსტს 1997-2000 წლებში.
“ევრიმაჟი” ევროსაბჭოს მიერ 1988 წელს დაარსდა. მას შემდეგ ფონდის მხარდაჭერით 1800-ზე მეტი კოპროდუქცია შეიქმნა, რისთვისაც 540 მილიონი ევრო გამოიყო.
საქართველო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდის წევრი 2012 წელს გახდა.
2012 წლიდან დღემდე “ევრიმაჟმა” 10 ქართული პროექტი დააფინანსა. ქართული პროექტებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 2 მილიონ ევროზე მეტია.
კატრინ ტრატმანი “ევრიმაჟის” პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს.
მან ამ თანამდებობაზე იობსტ ფლოგი შეცვალა, რომელიც “ევრიმაჟის” პრეზიდენტის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.