კონკურსის "წერე ქართულ კინოზე" გამარჯვებულები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამოვლინდნენ
დეკემბერი 5, 2016
წერე ქართულ კინოზე! – ეს არის ახალი კონკურსი, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოში კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლოთ.
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შერჩევა მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ესეების მიხედვით. მეორე ეტაპზე კი კონკურსანტები იმ რეცენზიების მიხედვით შეფასდნენ, რომელთაც ისინი ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებზე წერდნენ.
გადაწყვეტილება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო, გამარჯვებულები კი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდნენ.
პირველ ადგილზე თეკლა ლომთაძე გავიდა, მეორე ადგილზე ბექა მაისურაძე, ხოლო მესამე ადგილი გიორგი კობაიძეს ხვდა წილად.
პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს კი კინოცენტრი სწავლის გადასახადის დაფარვაში დაეხმარება.