საქართველო ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე – შეჯამება
მარტი 2, 2017
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე მეთორმეტედ იყო წარმოდგენილი. საქართველოს სტენდზე მუშაობდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე, პროექტების მენეჯერი ნინო შერვაშიძე და ანიმაციური ფილმების პროდიუსერი მარიამ კანდელაკი.
ასევე, საქართველოს სტენდზე დაფინანსების მოძიების მიზნით უცხოელ პროდიუსერებთან შეხვედრები გამართეს გელა ხმალაძემ და ირაკლი მინდაძემ ეროვნული კინოცენტრის მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის გამარჯვებული პროექტისთვის “ინგა” და ლუკა ჯუღელმა და გიორგი თოდრიამ მათი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტისთვის, რომელიც ამჟამად მუშაობის პროცესშია.
ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად, 5 ფილმით იყო წარმოდგენილი. ხუთივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.
 
ბერლინალეზე, სექციაში Panorama Special შედგა რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები” მსოფლიო პრემიერა. ჩვენებას ფილმის რეჟისორთან ერთად მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები დაესწრნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. ფილმის პრემიერას საერთაშორისო პრესაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
 
სანდენსის კინოფესტივალის შემდეგ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Forum წარმატებით გაიმართა. ჩვენებას ფილმის რეჟისორებთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილიც დასწრნენ. სულ ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება შეიძინა.
 
ამავე სექციის Forum კიდევ ერთი აღმოჩენა გახდა რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი”, რომელიც ჭიათურაში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს მოგვითხრობს. პრემიერას ბერლინში თავად ფილმის გმირებიც დაესწრნენ. ჩვენების დასასრულს კი აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა კითხვები დაესვა გადამღები ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ “მზის ქალაქი” ნომინირებული იყო ბერლინალეს Glashütte Original ჯილდოზე, როგორც ორიგინალური დოკუმენტური ნამუშევარი.
 
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბერლინალეზე ქართული ანიმაციური ფილმი კვლავ აჩვენეს. ნათია ნიკოლაშვილის ფილმის “ლილე” პრემიერა სექციაში Generation გაიმართა. “ლილე” მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც მომაკვდავ ტყეში განვითარებული ჯადოსნური ისტორიების შესახებ მოგვითხრობს.
 
კიდევ ერთი სექცია, რომელშიც ქართულმა ფილმმა მიიღო მონაწილეობას არის LOLA at Berlinale, სადაც შემოსავლებისა და მოპოვებული პრიზების მიხედვით საუკეთესო გერმანულ ფილმებს აჩვენებენ. რჩეულებს შორის წელს დიტო ცინცაძის ქართულ-ფრანგულ-გერმანული კოპროდუქცია “ბედნიერების ღმერთი” (2015) მოხვდა!
 
საქართველო ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსში

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპლატფორმაზე, რომელსაც 600-ამდე წამყვანი პროდიუსერი ესწრება მთელი მსოფლიოდან, საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა მოხდა. ამასგარდა, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართული ფილმწარმოებისა და საქართველოსთან განხორციელებული კოპროდუქციების შესახებ. 
კოპროდუქციის ბაზრობაზე მონაწილეობდნენ ქართველი პროდიუსერები: ამირან დოლიძე, ირაკლი ჩიკვაიძე, ირაკლი მინდაძე,ლუკა ჯუღელი და ქეთი დანელია.
კინოფესტივალის ფარგლებში მოეწყო ე.წ. ქვეყნის სესიები (country sessions) 5 ქვეყნის კინოცენტრების მონაწილეობით, სადაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა და აუდიტორიას მისი მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. 
ბერლინალეს სტუმრებისთვის გაიმართა საქართველოს წვეულებაც.

პარტნიორობის მემორანდუმი დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალთან

ბერლინში ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმება კინოფესტივალებს შორის 6 წლიან თანამშრომლობას მოჰყვა, რაც ნიქოზის კინოფესტივალის მორიგი აღიარებაა ევროპულ ბაზარზე. საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებთ, დრეზდენის კინოფესტივალი 2 ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენს საკონკურსო პროგრამაში. ამასგარდა, დრეზდენში ქართული თანამედროვე ანიმაციის პროგრამა იქნება ნაჩვენები. მანამდე კი სექტემბრის თვეში ნიქოზის კინოფესტივალი უმასპინძლებს დრეზდენის ფესტივალის პროგრამებს.
 

შეხვედრა “არსენალთან”

კინოფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე გაიმართა სამუშაო შეხვერდა გერმანიაში კინოსა და ვიდეოარტის ინსტიტუტის “არსენალი” წარმომადგენელთან – გეზა კნოდელთან და გერმანიის კინომუზეუმის წარმომადგენელთან ნატაშა გიკასთან.
 საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებით 2017 წლის შემოდგომაზე ბერლინში იგეგმება ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივის მოწყობა. რეტროსპექტივის პროგრამას ქართულ მხარესთან ერთად “არსენალის” და გერმანიის კინომუზეუმის წარმომადგენლები შეადგენენ. 
აღსანიშნავია, რომ ბერლინის კინემატოგრაფიის ინსტიტუტმა “არსენალი” გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე გამოყო 100.000.00 ევრო და დაიწყო სამი ქართული ფილმის ციფრულ ფორმატში გადატანა და რესტავრაცია. 

ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა (2018) – მასპინძელი ქვეყანა საქართველო

შეხვედრისას ასევე დაიგეგმა 2018 წელს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და გერმანიის კინომუზეუმის ორგანიზებით კინოჩვენებების მოწყობა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს საელჩო გერმანიაში. 

შეხვედრები საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან:

ევროპული კინობაზრობის მიმდინარეობისას გაიმართა მოლაპარაკებები სხვადასხვა კინოფესტივალის წარმომადგენლებთან, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართული ფილმების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები მსოფლიოს ისეთი წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა  სან სებასტიანისა და კარლოვი ვარის კინოფესტივალები.
სან სებასტიანის კინოფესტავლი

გასულ წლებში ქართული ფილმები წარმატებით იღებდნენ მონაწილეობას სან სებასტიანის კინოფესტივალზე. ეროვნული კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე შეხვდა კინოფესტივალის პროგრამერს რობერტო კუერტოს და დაიგეგმა ქართული ფილმების შერჩევა სან სებასტიანის კინოფესტივალის 2017 წლის პროგრამისთვის. 
კარლოვი ვარის კინოფესტავლი 

ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა შეხვედრა გამართა კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორთან კარელ ოხთან.  შეხვედრაზე დაიგეგმა კარელ ოხის სამუშაო ვიზიტით ჩამოსვლა საქართველოში, რაც ფესტივალის პროგრამისთვის ახალი ქართული ფილმების შერჩევას ისახავს მიზნად. 
საქართველოში ვიზიტის დროს კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორი კინოსექტორთანაც გეგმავს შეხვედრას.