FUTURE FRAMES 10 ყველაზე იმედისმომცემ, ახალგაზრდა რეჟისორს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე უმასპინძლებს
მაისი 9, 2017
EFP (European Film Promotion) 10 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა რეჟისორს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს. ფესტივალთან თანამშრომლობით, EFP კინოინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს 4 დღის მანძილზე (2-5 ივლისი) ახალგაზრდა რეჟისორების ფილმების საერთაშორისო და ევროპულ პრემიერებს შესთავაზებს. თავად რეჟისორებს კი შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მასტერკლასს, შეხვდნენ პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს, რათა გააფართოვონ მათი საერთაშორისო კავშირები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 რეჟისორს შორის მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი მუხაძე, რომელიც ფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას. მისი სადიპლომო ფილმი „ანას მოლოდინში” 2 დედმამიშვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ კონტაქტი დედის გარდაცვალების შემდეგ. გიორგი 2016 წელს წინანდლის პრემიაზეც იყო წარდგენილი, სადაც გამორჩეულ ახალგაზრდა არტისტებს და მეცნიერებს აჯილდოვებენ.
FUTURE FRAMES მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი თაობის რეჟისორების აღმოსაჩენად. სწორედ ამ პლატფორმისთვის არჩევენ EFP-ის წევრი ორგანიზაციები საინტერესო ახალგაზრდა ტალანტებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორი კარელ ოხი და პროგრამის კოორდინატორი ანნა პურკრაბკოვა იღებენ. წელს შერჩეული რეჟისორების ფილმებიდან უმრავლესობას უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს.
EFP ინიციატივა „შემოქმედებითი ევროპის” მედია პროგრამის, ევროკავშირისა და EFP-ს წევრი ორგანიზაციების (საქართველოს, ჩეხეთის, ისლანდიის, ლატვიის და სლოვენიის კინოცენტრები, ფინეთის კინოფონდი, სლოვაკეთის და შვედეთის კინოინსტიტუტები, EYE International (ნიდერლანდები) და Romanian Film Promotion) მიერ არის მხარდაჭერილი.
დეტალური ინფორმაცია FUTURE FRAMES 2017-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ვებ გვერდზე: www.efp-online.com