რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" კინოფესტივალზე "კინოტავრი" 2 პრიზით დააჯილდოვეს
ივნისი 14, 2017
14 ივნისს საერთაშორისო კინოფესტივალის “კინოტავრი” დახურვის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ქართულ ფილმს “მძევლები” 2 ჯილდო გადაეცა.
რეზო გიგინეიშვილს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა. ასევე, კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ფილმის ოპერატორი ვლადისლავ ოპელიანცი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. 
რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა .
ჩვენებას ფილმის რეჟისორთან ერთად მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები დაესწრნენ.
ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. “მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.