გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის "ხიბულა" პრემიერა
ნოემბერი 22, 2017
21 ნოემბერს გიორგი ოვაშვილის  ახალი ფილმის „ხიბულა” პრემიერა გაიმართა. ფილმი „გაღმა ნაპირის” და „სიმინდის კუნძულის” შემდეგ ტრილოგიის ბოლო ნაწილია, რომლითაც რეჟისორმა 90-იან წლებზე მუშაობა დაასრულა. 
23 ნოემბრიდან „ხიბულა”  საქართველოს კინოთეატრებში გამოვიდა. 
ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულ აღსასრულს ასახავს. სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი  ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეების ირგვლივ ვითარდება. „ხიბულა” სოფელია, სადაც გამსახურდია აღესრულა.  მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ირანელი მსახიობი – ჰოსეინ მაჰჯუბი, რომელიც სპეციალურად პრემიერისთვის საქართველოში კვლავ ჩამვიდა. 
„ხიბულას” მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, ეროვნული პრემიერა კი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი საფესტივალო ჯილდო. ოვაშვილის ნამუშევარს მიეძღვნა დადებითი რეცენზიები საერთაშორისო პრესაში. 
„ხიბულა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ,,ხიბულა” გერმანიის და საფრანგეთის კინოთეატრებში უკვე გამოვიდა, ფილმის შექმნაში ფინანსური მონაწილეობა მიიღო ცენტრალური გერმანიის კინო ფონდმა, ევროკავშირის კინოს განვითარების ფონდმა (ევრიმაჟი), მსოფლიო კინოს მხარდაჭერის ფონდმა, ფრანგულ­გერმანულმა სატელევიზიო არხმა ­ „არტე”.
„ხიბულას” სცენარი გიორგი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელმა დრამატურგმა ­ რულოვ იან მინებომ დაწერა. ფილმზე იტალიელი ოპერატორი ენრიკო ლუჩიდი მუშაობდა, რომლის ნამუშევების სიაშიაა ჯუზეპე ტორნატორეს ,,ბაარია”, ,,მალენა”, ,,ლეგენდა პიანისტზე” და სხვა. „ხიბულა” გამოჩენილმა კორეელმა მემონტაჟემ სუნ­მინ კიმმა დაამონტაჟა, რომელმაც გიორგი ოვაშვილის სამივე სრულმეტრაჟიან ფილმზე იმუშავა.