ქართული კინო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე – პრესკონფერენცია
თებერვალი 14, 2018
თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივლზე სექციაში „პანორამა” 16 თებერვალს გაიმართება.
ბერლინში გამგზავრებამდე 1 დღით ადრე, 14 თებერვალს, 12:00 საათზე, ეროვნულმა კინოცენტრმა პრესკონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი – ლაშა ხალვაში და მსახიობები – გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია დაესწრნენ. 
„ჰორიზონტი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა. იგი ყოფილი ცოლ-ქმრის – ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან. მათ სხვადსხვა მოცემულობა აქვთ, ორივე ფრთხილ და რთულ გზას ირჩევს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ მონაწილეობს. პრესკონფერენციაზე ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ ბერლინალეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, აქტივობების და ყველა იმ სექციის შესახებ ისაუბრა, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება, 2018 წლის 15-25 თებერვალს გაიმართება.