კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 4 ნომინაცია ჰქონდა:
- საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე
- საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია
- საუკეთესო სცენარი – გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა
რამდნიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია გახდნენ.
“ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა.
ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება – გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. ის მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.
Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ნომინაციაში კინემატოგრაფისტებს წარადგენს და შემდეგ საუკეთესოებს აჯილდოვებს.