სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის დაფინანსების კონკურსის პირობები
კონკურსის გამოცხადების თარიღი
2020 წლის 17 მარტი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ორიგინალური სცენარის შექმნა.
უფლებამოსილი კონკურსანტი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ-კინოცენტრი) განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
კონკურსის ეტაპები
თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს.
კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და სცენარის ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს პროექტები, რომლებიც მიიღებენ ქულათა მაქსიმუმს.
კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია-ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება მაქსიმუმ 10000,00 (ათი ათასი) ლარით თითოეული.
პროდიუსერმა სცენარის შესაქმნელად მიღებული 10000,00 (ათი ათასი) ლარი უნდა გახარჯოს შემდეგნაირად: სცენარის ავტორის ჰონორარი 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი, პროდიუსერის ჰონორარი 1000,00 (ათასი) ლარი, სხვა ხარჯები (სცენარის კონსულტანტის ანაზღაურება, მივლინების ხარჯი საქართველოს მასშტაბით, კვლევასთან და ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასეთების არსებობის შემთხვევაში) – 4000,00 (ოთხი ათასი) ლარი. კინოცენტრი არ დაფარავს საოფისე, კომუნალურ და ტექნიკის შეძენის ხარჯებს.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შემომტანი პროდიუსერი თავად არის სცენარის ავტორი, მასზე პროდიუსერის ჰონორარი არ გაიცემა.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დააფინანსებს მაქსიმუმ 5 (ხუთ) პროექტს. გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ იღებს საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისიას უფლება აქვს, რეკომენდაცია არ გასცეს არცერთ პროექტზე.
შესაქმნელი სცენარი
კონკურსის მიზანია ახალი, ორიგინალური სცენარის შექმნა და არა უკვე არსებული (გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი) სცენარის დახვეწა ან დამუშავება.
პროდიუსერმა კინოცენტრს უნდა ჩააბაროს სცენარი არანაკლებ 80 გვერდისა, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
სცენარის შექმნას მონიტორინგს გაუწევს და სცენარის საბოლოო ვერსიას ჩაიბარებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. მისი დასკვნის გარეშე კინოცენტრი არ იქნება უფლებამოსილი, გააფორმოს პროდიუსერთან მიღება-ჩაბარების აქტი.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია
- განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
- ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2020 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- პროდიუსერისა და სცენარისტის პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
- ხელშეკრულება სცენარის ავტორსა და პროდიუსერს შორის, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სცენარის ავტორი უფლებას აძლევს პროდიუსერს კინოცენტრის კონკურსში შემოიტანოს მის მიერ შექმნილი სინოფსისი (და თრითმენტი). ხელშეკრულებითვე უნდა იყოს განსაზღვრული შექმნილი სცენარის გამოყენების უფლებები.
- ავტორების (სცენარისტისა და პროდიუსერის) ბიო- და ფილმოგრაფია;
- პროდიუსერის მოტივაცია და პროექტის განვითარების ხედვა;
- ფილმის იდეა;
- ლოგლაინი;
- სინოფსისი (მინიმუმ 3 გვერდი);
- თრითმენტი (5- 8 გვერდი, სურვილისამებრ) ;
- ბიუჯეტი.
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
შეზღუდვები
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
მიმდინარე კონკურსში პროდიუსერს ეძლევა მხოლოდ ერთი პროექტის შემოტანის უფლება.
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერის პროექტს, რომელმაც ვერ შეასრულა ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული).
დოკუმენტაციის წარდგენის წესი
საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 24 აპრილის 17:00 სთ-მდე.
კონსულტაციები
სასურველია კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება მხოლოდ ტელეფონით ან ელ. ფოსტით.
საკონტაქტო პირები:
ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250 ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge