ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას ახალი სექციისთვის „COVIDEO”
აპრილი 27, 2020

წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოებას ახალ სექციას შესთავაზებს სახელწოდებით „COVIDEO” – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო. სექცია განკუთვნილია როგორც დამწყები და პროფესიონალი, ასევე კინოგადაღებით დაინტერესებული მოყვარული რეჟისორებისთვის.

ფესტივალის მენეჯერების თქმით, კორონავირუსის გამო გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას ნათელი მხარეც აქვს – ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს მხატვრული ინსპირაციისთვის.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება უკვე დაიწყო!

მოთხოვნები:

  • ფილმის თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებზე და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები;
  • ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი – ივნისი;
  • ქრონომეტრაჟი – 1 წთ.-იდან 5 წუთამდე;
  • ფორმატი – HD ხარისხი;

ფესტივალის მენეჯმენტის მიერ შერჩეული 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -„COVIDEO“. ფილმები კინოფესტივალის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება დიდ ეკრანზე. მათ შეაფასებს როგორც როგორც ჟიური, ასევე აუდიტორია.

საკონკურსო სექცია „COVIDEO“-ს ნომინაციები:

ჟურის პრიზის მფლობელს გამოავლენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემენტრაჟიანი ფილმების ჟიური შემდეგ ნომინაციაში:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
  • საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარი

აუდიტორიის/მაყურებლის პრიზის მფლობელი გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით. ამისათვის ფილმები განთავსდება ბათუმის კინოფესტივალის youtube/Facebook არხებზე და მაყურებლებს ექნება შესაძლებლობა ე.წ. „ლაიქის“ მეშვეობით ხმა მისცეს სასურველ ფილმს.

გამარჯვებული ფილმების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • კინოფესტივალის აკრედიტაცია (ნებისმიერ ფილმზე ან მასტერკლასზე დასწრების უფლებით);
  • ტრანსპორტირება ბათუმში და ადგილზე 5 ღამით განთავსება (იგულისხმება საქართველოში შიდა ტრანსპორტირება);
  • კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიაზე დასწრება;

ფილმების წარდგენისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა – https://bit.ly/2W06O3C

საკონტატო ინფორმაცია – submission@biaff.org

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა – 2020 წლის პირველი აგვისტო.

ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია 2020 წლის 13-20 სექტემბერს. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.