ანიმაციური ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

/ანიმაციური ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2020 წლის 10 ივლისი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით  ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

კონკურსის  ეტაპები

თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და რეჟისორთან. გასაუბრებაში დასაშვებია სცენარის ავტორის მონაწილეობაც. ამის შემდეგ კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს 1-დან 10 ქულამდე კომისიისა და კინოცენტრის მიერ დადგენილი  კრიტერიუმების საფუძველზე და კინოცენტრს გადასცემენ თითოეული პროექტისთვის მინიჭებული ქულის დასაბუთებას წერილობითი ფორმით, არაუმეტეს 1 გვერდისა თითო პროექტზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება,  დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას. კომისიას ასევე აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია არ გასცეს არცერთ პროექტზე.

 

ინფორმაციის გამოთხოვა

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია-ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

 

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS)  საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

  1. განაცხადი;
  2. ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2020 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
  5. ფილმის ავტორთა და ჯგუფის წევრების (მხატვარი, ანიმატორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  6. რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
  7. პროდიუსერის მოტივაცია;
  8. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  9. ფილმის სცენარი (სამუშაო ვერსია);
  10. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  11. ლოგლაინი;
  12. ფილმის მოკლე სინოფსისი 1 გვერდამდე;
  13. პერსონაჟის დიზაინი ფერში, სადაც პერსონაჟის ხასიათი და ვიზუალური სტილი იქნება ნაჩვენები;
  14. პერსონაჟის ჩანახატები მოძრაობაში (მინიმუმ სამი);
  15. ფილმის ვიზუალური კონცეპტი (სამი ნახატი);
  16. პროექტის განვითარების ბიუჯეტი.

 

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2020 წლის 27 დეკემბრისა კინოცენტრს ჩააბარონ:

 

  1. 1. სთორიბორდი (დეტალური კადრირება);
  2. ანიმაციური თიზერი;
  3. ლოგლაინი;
  4. სინოფსისი;
  5. დასრულებული სცენარი;
  6. პერსონაჟების განვითარებული ვიზუალი;
  7. ფილმში გამოყენებული ნივთების ესკიზები;
  8. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  9. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების გრაფიკი).

 

შეზღუდვები

პროდიუსერი: პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ  პროდიუსერთა პროექტებს, რომელმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული).

რეჟისორი: ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, რომლებიც ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესში არიან ან რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (იგულისხმებიან ის რეჟისორებიც, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული და წარმოების პროცესში არიან).

დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი წარმოდგენილი იყოს რეჟისორად კონკურსში მონაწილე ორ ან მეტ პროექტში.

 

დედლაინი

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 24 აგვისტოს 17:00 სთ-მდე.

 

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

 

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

 

ბრძანების გადმოწერა

დანართის გადმოწერა

2020-07-10T18:39:12+00:00