14-19 ივნისს საფრანგეთი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლებს. ქალაქ ანსიში კინოფესტივალი 1960 წლიდან იმართება და ყოველწლიურად იქ მსოფლიოს წამყვანი კინოპროფესიონალები იყრიან თავს.
წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში „პერსპექტივა“ წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ (რეჟისორი – მარიამ კაპანაძე, პროდიუსერი – მარიამ კანდელაკი). ანიმაციის მსოფლიო პრემიერა გაიმართა იაპონიაში, ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. „მიტოვებული სოფელი“ შექმნილია სტუდია „კვალი XXI”-ის მიერ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით კინოცენტრი ქართული ფილმი-აფხაზეთის ბაზაზე.
აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნული კინოცენტრი საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმასთან“ თანამშრობლობით ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე წარადგენს საქართველოს ვირტუალურ პავილიონს. ქართველ ანიმატორებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ კოპროდიუსერები, ონლაინ მიიღონ მონაწილეობა მნიშვნელოვან შეხვედრებში და გაიზიარონ მათი უცხოელი კოლეგების გამოცდილება. ასევე, საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები გაეცნობიან ქართული ანიმაციური ფილმების პროექტებსა და ილუსტრაციებს.