გია აგუმავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს
აგვისტო 17, 2021

გია აგუმავა დაჯილდოვდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ელენე ნავერიანის ფილმში “სველი ქვიშა”. ეს გიასთვის პირველი როლია, რომელსაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.

ლოკარნოს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-14 აგვისტოს გაიმართა. ელენე ნავერიანის ფილმი “სველი ქვიშა” მონაწილეობდა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente. ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში შედგა 11 აგვისტოს. “სველი ქვიშა” საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. ქართული ფილმები არაერთხელ წარმატებით უჩვენებიათ ლოკარნოში. ბოლო წლებში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი “საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მამა”.