სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის დაფინანსების
კონკურსის (2/6) პირობები
კონკურსის გამოცხადების თარიღი
2021 წლის 8 ოქტომბერი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ორიგინალური სცენარის შექმნა.
უფლებამოსილი კონკურსანტი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ-კინოცენტრი) განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
მიმდინარე კონკურსში პროდიუსერს ეძლევა ერთი პროექტის შემოტანის უფლება.
სცენარისტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი პროექტის ავტორი.
მიმდინარე კონკურსში არ დაიშვება პროექტები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს დაფინანსება კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სცენარის შექმნის ან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია
- ელექტრონული განაცხადი
- ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2021 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- პროდიუსერისა და სცენარისტის პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
- ხელშეკრულება სცენარის ავტორსა და პროდიუსერს შორის, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სცენარის ავტორი უფლებას აძლევს პროდიუსერს კინოცენტრის კონკურსში შემოიტანოს მის მიერ შექმნილი სინოფსისი და თრითმენტი. ხელშეკრულებითვე უნდა იყოს განსაზღვრული შექმნილი სცენარის გამოყენების უფლებები.
- ავტორების (სცენარისტისა და პროდიუსერის) ბიო- და ფილმოგრაფია;
- პროდიუსერის მოტივაცია და პროექტის განვითარების ხედვა;
- ფილმის იდეა;
- ლოგლაინი;
- სინოფსისი (ერთი გვერდი)
- თრითმენტი (5-10 გვერდი)
- ბიუჯეტი.
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
დოკუმენტაციის წარდგენის წესი
საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2021 წლის 1 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.
კონკურსის ეტაპები
კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს გარკვეულ ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.
საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს.
კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და სცენარის ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. კომისია დაფინანსების რეკომენდაციას უწევს პროექტების გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის განსაზღვრა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება
ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს თითოეული პროექტისთვის დაფინანსების ოდენობას პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.
კომისიის დასკვნის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს: აქვეყნებს რეიტინგულ სიას, ადგენს გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.
ინფორმაციის გამოთხოვა
კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება მაქსიმუმ 8000,00 (რვა ათასი) ლარით თითოეული.
პროდიუსერმა სცენარის შესაქმნელად მიღებული 8000,00 (რვა ათასი) ლარი უნდა გახარჯოს შემდეგნაირად: სცენარის ავტორის ჰონორარი – 6500,00 (ექვსიათასხუთასი) ლარი, პროდიუსერის ანაზღაურება – 1500,00 (ათასხუთასი) ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შემომტანი პროდიუსერი თავად არის სცენარის ავტორი, მასზე პროდიუსერის ჰონორარი არ გაიცემა.
შესაქმნელი სცენარი
პროდიუსერმა კინოცენტრს უნდა ჩააბაროს სცენარი არანაკლებ 70 გვერდისა ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით 2022 წლის 01 აგვისტომდე.
სცენარის შექმნას მონიტორინგს გაუწევს და სცენარის საბოლოო ვერსიას ჩაიბარებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. მისი დასკვნის გარეშე კინოცენტრი არ იქნება უფლებამოსილი, გააფორმოს პროდიუსერთან მიღება-ჩაბარების აქტი.
კონსულტაციები
სასურველია კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება მხოლოდ ტელეფონით ან ელ. ფოსტით.
საკონტაქტო პირები:
ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250 ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 42 81 80 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge
ბრძანების გადმოწერა