პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების პირობები

/პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების პირობები

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის

წარმოების დაფინანსების პირობები

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2021 წლის  04 ნოემბერი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით  ეროვნული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმ(ებ)ის წარმოების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი, რეჟისორი და პროექტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს  არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორების პროექტებს, რომელთაც გაიმარჯვეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სხვა კონკურსში და პროდიუსერის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

ერთი და იგივე რეჟისორი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ერთზე მეტ პროექტში.

კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა მიმდინარე კონკურსში.

 

ფილმის ქრონომეტრაჟი

ფილმის  ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 75 წუთზე ნაკლები.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. ელექტრონული განაცხადი;
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის (განახლებული 2021 წელს);
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები;
  5. პროდიუსერის ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის და დიალოგების ავტორის ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  7. პროდიუსერის მოტივაცია;
  8. პროდიუსერის წინა ფილმ(ებ)ი;
  9. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  10. რეჟისორის ერთი ან რამდენიმე ფილმი ვიმეოს ან იუთუბის ლინკის ფორმით;
  11. ფილმის სინოპსისი;
  12. ფილმის სცენარი;
  13. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
  14. ფინანსური გეგმა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
  15. საწარმოო გეგმა, რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-საწარმოო და დასრულების ვადებს;
  16. თანაპროდიუსერ(ებ)თან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო  აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა  გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის „სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის’’ საშუალებით.  იხილეთ ვიდეოგზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

 

დედლაინი

საკონკურსო პროექტები  მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 10  იანვრის 17:00 სთ–მდე.

 

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

 

კონკურსის  ეტაპები

კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს გარკვეულ ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.

ამის შემდეგ პროექტები გადაეცემა საექსპერტო კომისიას, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

საექსპერტო კომისიის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. კომისია ეცნობა პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და ქულათა სისტემას. საექსპერტო კომისიის წევრები ხელს აწერენ განაცხადს ინტერესთა კონფლიქტის არ-არსებობის თაობაზე და ვალდებულებას დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და/ან ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. გასაუბრება მოიცავს პროექტის პრეზენტაციას და კომისიის წევრების კითხვებზე პასუხს. გასაუბრების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 30 წუთით.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.

 

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე  თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას, პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.

 

ედეგების გამოქვეყნება და ინფორმაციის გამოთხოვა

კომისიის დასკვნის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს: აქვეყნებს რეიტინგულ სიას, გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, გამოითხოვოს ინფორმაცია   საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

 

დაფინანსება ეროვნული კინოცენტრიდან

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე. დანარჩენი შევსებული უნდა იყოს დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

 

დაფინანსება სხვა წყაროებიდან:

სხვა წყაროებიდან დაფინანსებაში იგულისხმება: პროდიუსერის შენატანი, ტექნიკური შენატანი, ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები, სატელევიზიო და ინტერნეტ-პლატფორმების ინვესტიციები, ფიზიკური და იურიდიული პირების ინვესტიციები, დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები, ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს და სხვა.

 

გამარჯვებულ კონკურსანტებზე სუბსიდიების გაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

გამარჯვებულ პროექტებზე გამოყოფილი სუბსიდიების მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 01 მაისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები), კო-პროდუქციის შემთხვევაში „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპული კონვენციით“ ან ბილატერალური შეთანხმებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს. წერილობით მოთხოვნას წარმოებაში შესვლის და ხელშეკრულების გაფორმების ვადის გადაწევის თაობაზე ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ დასაბუთებული არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში

 

ხელშეკრულება

ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის არეგულირებს პროდიუსერისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობას ფილმის წარმოების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის შინაარსს, საგანს, თანხის გაცემის წესს, პროდიუსერის უფლებებს, პროდიუსერის ვალდებულებებს, კინოცენტრის უფლებებს, კინოცენტრის ვალდებულებებს, ხელშეკრულების ვადას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ფორს-მაჟორის საკითხებს, დავის გადაჭრის გზებს, განსაკუთრებულ ვალდებულებებს, ასევე სხვა პირობებს და მხარეთა რეკვიზიტებს.

ხელშეკრულების პროექტი მზადდება ეროვნული კინოცენტრის მიერ და ხელმოწერამდე გადაეგზავნება მეორე მხარეს გასაცნობად.

 

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 428 180 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

ბრძანების გადმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2021-11-09T14:01:17+00:00