2014 წლის 15-23 აგვისტოს სარაევოს საიუბილეო მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო უკვე მეოთხედ იქნება წარმოდგენილი. ქართული საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია სარაევოში 18-23 აგვისტოს გაემგზავრება. კინემატოგრაფისტებთან ერთად, ფესტივალს დაესწრება საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილი და კინოცენტრის კინოკომისიის პროექტების მენეჯერი – ხათუნა გოგუა.
ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ორი ქართული ფილმი:
თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები”.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში:
დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები”.
სექციაში „ღია ცის ქვეშ” ნაჩვენები იქნება ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია – მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა”. ფილმი სრულად საქართველოშია გადაღებული.
სარაევოს ფესტივალის ინდუსტრიულ სექციას ესწრებიან დამატებით ხუთი ქართული პროექტის წარმომადგენლები. ეს პროექტები განვითარდა 2013 წელს სპეციალურ პროგრამაში “Microwave International – Georgia”, რომელიც კინოორგნიზაციის “FILM LONDON” და კინოცენტრის პარტნიორობით ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ეს პროექტებია:
1. ქეთი მაჭავარიანის „467 კილომეტრი სოხუმამდე”.
2. რუსუდან პირველის „ძილის გაკვეთილები”
3. რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი”
4. ვაკო კირკიტაძეს, ნიკოლოზ გუგუშვილის და ნინო ჯინჭარაძის „ინტერვალი”
5. ბესო სოლომონაშვილის „20 საფეხური მიწის ზევით”
ტალანტ კამპუსისთვის შეირჩა გიორგი კვაჭაძის ანიმაციური ფილმის პროექტი „სარეცხის დირიჟორი”.
22 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრი გამართავს სპეციალურ მიღებას, სადაც აღინიშნება ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები და კინოცენტრის და FILM LONDON-ის თანამშრომლობა.
ეროვნულ კინოცენტრსა და სარაევოს კინოფესტივალს შორის თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო. მაშინ მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2012 წლიდან ფესტივალის ყველა საკონკურსო და ინდუსტრიული პროგრამა გაიხსნა პოტენციური ქართველი მონაწილეებისთვის.. ქართული განაცხადები მიიღება ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „CineLink”, “Sarajevo Talent Campus” და “Work in Progress”.
სარაევოს კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა, რომელიც რეგიონის კინოპრომოუშენით არის დაკავებული და ასევე გამოირჩევა უცხოური ფილმების და საერთაშორისო სტუმრების სიმრავლით.