ქართული დელეგაცია სარაევოს კინოფესტივალიდან სამი პრიზით დაბრუნდა.
საუკეთესო ქალი მსახიობის როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა მარი კიტიას.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ახალი ფილმის პროექტმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი” სარაევოს კინო ფესტივალზე ევრიმაჟის პროექტის განვითარების ჯილდო მოიპოვა.
პრიზი პროექტების განვითარების პრიზებს შორის მთავარი პრიზია და 30 000 ევროს შეადგენს.
სარაევოს კინოფესტივალის პროექტების განვითარების პლატფორმამ Cine Link-მა 18 ქვეყნიდან შემოსული 200 პროექტიდან თავდაპირველად 17 პროექტი შეარჩია, ხოლო ხუთკაციანმა ჟიურიმ 17 შერჩეული პროექტიდან საუკეთესოდ ნანა ექვთიმიშვილის სცენარი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” დაასახელა.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი” 2014 წელს დაფინანსების ეტაპს გაივლის, 2015 წელს კი დაგეგმილია ფილმის საქართველოში გადაღება.
წელს ქართული კინო ფესტივალზე განსაკუთრებით მასშტაბურადიყო წარმოდგენილი
ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ორი ქართული ფილმი:
ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო” (მსოფლიო პრემიერა).
თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები”.
დოკუმენტური ფილმების კონკურსში:
შალვა შენგელის „ხელმწიფე”.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში:
დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები”.
სექციაში „ფოკუსი” ნაჩვენები იქნა:
ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები”.
სექციაში „ღია ცის ქვეშ” ნაჩვენები იქნა ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია – მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა”.
ფილმი სრულად საქართველოშია გადაღებული.
სარაევოს ფესტივალის ინდუსტრიულ სექციას ესწრებოდა დამატებით ხუთი ქართული პროექტის წარმომადგენლები.
ხოლო ტალანტ კამპუსისთვის შეირჩეული იყო გიორგი კვაჭაძის ანიმაციური ფილმის პროექტი „სარეცხის დირიჟორი”.
ეროვნულ კინოცენტრსა და სარაევოს კინოფესტივალს შორის თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო. მაშინ მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2012 წლიდან ფესტივალის ყველა საკონკურსო და ინდუსტრიული პროგრამა გაიხსნა პოტენციური ქართველი მონაწილეებისთვის.. ქართული განაცხადები მიიღება ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „CineLink”, “Sarajevo Talent Campus” და “Work in Progress”.
ფესტივალის გამარჯვებული ფილმების და პროექტების ლინკი