„ნატვრის ხის“ დაბრუნება სკოლაში
იანვარი 29, 2015

 31 იანვარს, 14 საათზე კინოთეარტ „ამირანში” გაიმართება  პროექტის „კინო სკოლაში” შემოდგომის სესიის დახურვა, რომელსაც დაესწრებიან მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები.
პროექტის  მეორე ეტაპის დახურვასთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნება მონაწილე ბავშვების მიერ  საკუთარი სცენარებით გადაღებული მოკლე ფილმები.  გარდა ამისა, გაიმართება კლასიკადქცეული „ნატვრის ხის” რესტავრირებული ვერსიის ჩვენება და შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან.
 31 იანვარს  თენგიზ აბულაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. პროექტ „კინო სკოლაში” შემოდგომის სესიის დახურვა და  „ნატვრის ხის” ჩვენება სიმბოლურად მის დაბადების დღეზე გაიმართება.  
 შეგახსენებთ, რომ “ნატვრის ხის” აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, 2014 წლის ბოლოს თენგიზ აბულაძის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  ფილმს რესტავრაცია – ფერების და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. სამუშაო ჩაატარა კომპანიამ Digital Center, რომელიც ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
 ასევე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის  მარტიდან – დეკემბრის ჩათვლით ეროვნულმა კინოცენტრმა განახორციელა პროექტი „კინო სკოლაში” საქართველოს 5 რეგიონის (იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 40 სკოლაში. პროექტი მიმდინარეობდა ორი სემესტრის განმავლობაში და მის ფარგლებში სულ 960 კინოჩვენება გაიმართა, რომლებსაც მთლიანობაში 12 000 ბავშვი დაესწრო.