სოფიას მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი”.
ეროვნული კინოცენტრის და ფესტივალის თანამშრომლობის შედეგად, ფესტივალის ფოკუსშია საქართველო (FOCUS ON GEORGIA) – საზოგადოება ნახავს 16 ფილმს – როგორც კინოკლასიკას, ასევე ბოლო წლების წარმატებულ ფილმებს:
•ცისფერი მთები
•შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი
•გიორგობისთვე
•ფიროსმანი
•მონანიება
•ნატვრის ხე
•შემთხვევითი პაემნები
•პატარძლები
•სიმინდის კუნძული
•ღვინის აკვანი
•არ ისუნთქო
•კარასტანში დაკარგულები
•კრედიტის ლიმიტი
•ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი
•მანდარინები
•პრეზიდენტი
ასევე ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings წელს ორი ქართული პროექტია წარდგენილი, გიორგი ოვაშვილის „ხიბულა” და გრიგოლ აბაშიძის „მეზობლები”, რომელსაც ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში წარადგენს.
ფესტივალის ჟიურის წევრებს შორის არიან ლევან კოღუაშვილი და ნანა ჯორჯაძე.
12 მარტიდან ფესტივალს დაესწრება მრავალრიცხოვანი დელეგაცია საქართველოდან, მათ შორის: ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ლევან კოღუაშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გაგა ჩხეიძე და სხვები.
ეროვნული კინოცენტრიდან ფესტივალს დაესწრება ექსპორტისა და დისტრიბუციის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings და კინოცენტრის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
14 მარტს, საქართველოს სახელით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება წვეულება, რომელსაც მუსიკალურად ქართული ბენდი „Asea Sool” გააფორმებს.
სოფიას კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპლათფორმაა რეგიონში.