2016 წლიდან საქართველო ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალში „მესამე ათასწლეული“ ჩაერთვება
მაისი 29, 2015

2016 წელს ქართველ რეჟისორებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ფილმები  ვატიკანის მიერ  ორგანიზებულ კინოფესტივალზე „მესამე ათასწლეული” წარადგინონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვატიკანში კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჯანფრანკო რავაზისთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. ასევე, რეჟისორ და დოკუმენტალისტ კარლო ჰინდერმანთან ვიზიტის დროს დაიგეგმა ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელიც რომში შედგება.

ვატიკანში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე კულტურული ღონისძიება, მათ შორის ნანა ჯანელიძის ფილმის „გალობის რაინდები” ჩვენება და ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი.