საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალი “ამირანი” 2 ივნისს გაიხსნება. სტუდენტური კინოს კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის მიმართ საერთაშორისო ინტერესი.
წლის დასაწყისში დაანონსებულ ფესტივალზე 500-ზე მეტი ფილმი წარადგინეს 50-მდე ქვეყნის კინოსკოლიდან. სელექციის შედეგად კი საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა.
2015 წლის „ამირანის” ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. ჟიურის წევრები საკონკურსო პროგრამიდან გამოავლენენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:
* საუკეთესო მხატვრული ფილმი
* საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
* საუკეთესო ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი
ასევე გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და ოპერატორის ნამუშევარი.
ფესტივალი გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალით დაიხურება.
ყველა ღონისძიება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და მათზე დასწრება თავისუფალია.