კანის ფესტივალის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები
ივნისი 2, 2015

კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს პავილიონში. გაიმართა მრავალი საინტერესო შეხვედრა, მათ შორის სხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

* შეხვედრები კინოფესტივალების წარმომადგენლებთან
 
ბოლო წლებში ქართული ფილმების წარმატებამ განაპირობა ის, რომ ქართული კინოინდუსტრიით ინტერესდებიან ისეთი ფესტივალები როგორებიცაა ვენეციის, სან-სებასტიანის თუ ტორონტოს კინოფესტივალები.

ნიონის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე წელს ფოკუსში საქართველო იყო, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნით და ქართული პროექტებით ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი (IDFA) დაინტერესდა, რომელიც მსოფლიოში დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალად მიიჩნევა.

ტალინის  („ა” კლასის) საერთაშორისო კინოფესტივალზე (რომელიც 2014 წლიდან FIAF-ის მიერ არის ავტორიზებული) წელს ფოკუსში საქართველოა. შესაბამისად, იგეგმება ახალი ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამისთვის შეთავაზება.

* „აღმოსავლეთ პარტნიორობის” კულტურის პროგრამა

შედგა შეხვედრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის” კულტურის პროგრამის ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განიხილეს ქართული კინოცენტრისა და კინოსექტორის წარმატება, გამჭვირვალობის წარმატებულ მაგალითად კი მოყვანილ იქნა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსები, რადგან ყოველი კონკურსისთვის დგება ახალი საექსპერტო კომისია. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა და უფროსმა ექსპერტმა ტერის სანდელმა აღნიშნა, რომ ქართული კინოცენტრისა და კინოსექტორის პრაქტიკა მაგალითი უნდა გახდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენი ქვეყნებისთვის. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიგეგმა ქართული კანონმდებლობის კვლევა, რათა იგი ესადაგებოდეს ევროპულ პრაქტიკას.

* ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია

შედგა შეხვედრა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წარმომადგენლებთან და დაიგეგმა ობსერვატორიაში საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯები, რის შემდეგაც მის მთავარ გამოცემებში ქართული ინდუსტრიის მონაცემთა წარმოდგენაც მოხდება.ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ დაფუძნებულ ევროპული აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სტატისტიკის, ანალიტიკისა და კინოპოლიტიკის განმსაზღვრელ უდიდეს ორგანიზაციას, რომლის მონაცემებსაც ეყრდნობა ყველა მსხვილი საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია.ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართულ კინოსექტორს საშუალებას მისცემს განიხილებოდეს, როგორც ევროპული კინოსექტორის შემადგენელი ნაწილი და მისი მონაცემები ფიგურირებდეს ორგანიზაციის ყველა მსხვილ გამოცემაში.ობსერვატორიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია ევროსაბჭოს წარმომადგენელთა და ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

* „Shoot Books”

წელს, კანის კინოფესტივალზე უკვე მეორედ მოეწყო ფრანგი გამომცემლების პიჩინგი – გადაიღე წიგნები (Shoot Books). ასევე გაიმართა შეხვედრა ამ პროექტის ხელმძღვანელთან ნატალი პიასკოვსკისთან და მენტორ იზაბელ ფოვიესთან. საგულისხმოა, რომ ეროვნულ კინოცენტრში იგივე პროცესი მიმდინარეობს. გამოცხადებულია კონკურსი პროექტისთვის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნა”. გამარჯვებულები ივნისის თვეში გამოვლინდებიან.

* კანის კრიტიკოსთა კვირეული

კანის „კრიტიკოსთა კვირეულის” ხელმძღვანელთან, შარლ ტესონთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა „კრიტიკოსთა კვირეულის” საუკეთესო ფილმების ჩამოტანა საქართველოში და ქართველ კრიტიკოსთა ტრენინგი, რომელსაც თავად შარლ ტესონი ჩაატარებს. გამარჯვებული კრიტიკოსი ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით „ა” კლასის ფესტივალზე გაემგზავრება.

* ამსტერდამის საბავშვო ფილმების ფესტივალი

გაიმართა შეხვედრა სინეკიდის (ამსტერდამის საბავშვო ფილმების ფესტივალი) ხელმძღვანელებთან, სადაც საბავშვო ფილმების სცენარის განსავითარებლად ვორქშოპის ჩატარება და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

* EAVE ( European Audiovisual Entrepreneurs )

შედგა შეხვედრა პროდიუსერთა ევროპული ასოციაციის, იავეს ხელმძღვანელებთან  იანი თილჰილთან და კრისტინა ტრაპთან. ასევე დაიგეგმა პროდიუსერებთან, სცენარისტებთან და რეჟისორებთან ერთად ვორქშოპის ჩატარება.

* MAIA

ვორქშოპი მაია ვორქშოპის ხელმძღვანელთან, გრაციელა ბილდესჰაიმთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა თანამშრომლობა 2016 წელს პროდიუსერთა გადამზადების კუთხით.

* საერთაშორისო კინოკომისიების ასოციაცია და Cash Rebate

შედგა  შეხვედრა საერთაშორისო კინოკომისიების ასოციაციის დირექტორთან ქევინ კლარკთან,  თემაზე Cash Rebate – უცხოელებისთვის ფილმწარმოების წახალისების მიზნით, ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა. ამავე მიმართულებით გაიმართა კონსულტაციები ასევე კოლუმბიის კინოკომისიის დირექტორთან კლაუდია ტრიანა დე ვარგასთან და მაკედონიის  სააგენტოს ხელმძღვანელთან დარკო ბასესკისთან. კოლუმბიის მიერ მიღებული საშეღავათო სისტემის შედეგად ქვეყანა გადაიქცა რეგიონის ლიდერად კინოწარმოების კუთხით. რაც შეეხება მაკედონიას – ამ ქვეყანამ ერთი წელია რაც ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა დანერგა,  რის შემდეგაც ქვეყანაში უცხოური კინოწარმოებების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.

* ამერიკელი და ინდოელი კინომწარმოებლები საქართველოთი ინტერესდებიან

ქართული პავილიონის მუშაობისას, ბევრმა უცხოელმა კინომწარმოებელმა გამოთქვა საქართველოში გადაღების ინტერესი, მათ შორის ყველაზე მეტად ამერიკელი და ინდოელი პროდიუსერები აქტიურობდნენ. ინდოელებისთვის ლოკაციის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მრავალფეროვანი ბუნება, ქალაქები და მარტივი ბიუროკრატიაა, ამერიკელების მთავარ ინტერესს კი ქვეყანაში საშეღავათო სისტემის – Cash Rebate – არსებობა წარმოადგენს.

* შეხვედრა საფრანგეთის კინოკოლექციების ხელმძღვანელთან

შედგა შეხვედრა საფრანგეთის კინოკოლექციების ხელმძღვანელთან – ბეატრის დე პასტრისთან, რომელთანაც კინოცენტრი აქტიურად თანამშრომლობს და ის თბილისში სამუშაო ვიზიტითაც იმყოფებოდა. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ქართული კინოკოლექციების შენახვასთან დაკავშიებით.

* მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის შექმნა

მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის ატაშესთან აუდიოვიზუალურ დარგში ფანი ობრი-მალარისთან და ჟოელ შაპრონთან – უნიფრანსის წარმომადგენელთან.

* ვორქშოპების დაგეგმვა

დაიგეგმა სცენარის განვითარების ვორქშოფები. ასევე, ფინეთის და ლიტვის კინოფონდების ხელმძღვანელებთან შეხვდრების შედეგად დაიგეგმა, ერთობლივი ვორქშოპი  „შემოქმედებითი ევროპის ” დაფინანსებით.

* შეხვედრა ერიკ გარანდოსთან

ასევე გაიმართა შეხვედრა ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან – ერიკ გარანდოსთან, რომელიც წელს კანის კინოფესტივალზე მონაწილე ქალ ხელოვანებს მასპინძლობდა. ერიკ გარანდო აქტიურად იქნება ჩართული ქართული კინოს დღეებში, რომელიც სექტემბერში პარიზში იგეგმება.

* ქართული კინოს დღეები ვარშავაში

პოლონეთის კინოინსტიტუტთან გრძელდება აქტიური თანამშრომლობა. დაიგეგმა ნოემბერში ქართული კინოს დღეების გამართვა ვარშავაში.

* საიმონ პერის ვიზიტი საქართველოში

შედგა შეხვედრა საიმონ პერისთან – ACE-ს (Ateliers du Cinéma Européen) ხელმძღვანელთან. დაიგეგმა მისი ვიზიტი საქართველოში, პროდიუსერებისთვის ACE-ს მიერ ვორქშოფის ჩატარების მიზნით.

* „შემოქმედებითი ევროპა”

ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის” (Creative Europe) ფარგლებში შედგა შეხვედრები ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ასევე პროგრამაში მონაწილე ქვეყნების სამსახურების ხელმძღვანელებთან. დაიგეგმა პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა და პროგრამით დაინტერესებული ქართული ორგანიზაციებისათვის ევროპელი პარტნიორების მოძიებაში დახმარება.

შეხვედარზე გადაწყდა ევროკომისიის საკომუნიკაციო გენერალური დირექტორატის მედიის მხარდაჭერის პროგრამების განყოფილების წარმომადგენლის, დაგ ასბიორნსენის ვიზიტი საქართველოში.

განხილულ იქნა საქართველოს ამჟამინდელი მონაწილეობა ქვე-პროგრამა მედიაში. ევროპელ კოპროდიუსერ პარტნიორებთან ერთად, ქართულ კინომწარმოებელ კომპანიებს  შესაძლებლობა ექნებათ აუდიოვიზუალური პროექტების განვითარების მხარდაჭერა მოიპოვონ.

ევროკომისიის წარმომადგენლებთან ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ მედიის ქვე-პროგრამაში სრულად მონაწილეობისათვის დასაკმაყოფილებელი პირობები.

შემოქმედებითი ევროპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საუბარი იყო ასევე საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებლობსა და ევროპელ კანონმდებლებთან სინქრონიზაციაზე, (მაგალითად: ევროპული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მხარდაჭერა ტელემაუწყებლების მიერ, ასევე სატელევიზიო რეკლამისა და პროდუქტის განთავსების რეგულაციების განახლება).