თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები ფესტივალის დახურვაზე დააჯილდოვეს
ივნისი 8, 2015

6 ივნისს თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, სადაც საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები დააჯილდოვა. სტუდენტური კინოს კვირეული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მოეწყო. გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:•გრან-პრი “ფრაგმენტები” / აგა ვოსზჟინსკა / პოლონეთი
 
•საუკეთესო მხატვრული ფულმი “მე, ისინი და მამა” / სალომე ვეფხვაძე / საქართველო
 
•საუკეთესო დოკუმენტური ფილმი “ტოროლები და ბუები” / ბაქარ ჩერქეზიშვილი / საქართველო
 
•საუკეთესო ანიმაციური ფილმი “ორი მეგობარი” / ნატალია ჩერნიშევა / საფრანგეთი
 
•საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი “ჩვენებური” / დენის კოლეროვი / რუსეთი
 
•ჟიურის სპეციალური პრიზი “მოწყალება” / ბენჟამინ დიზდარევიჩი / ბოსნია-ჰერცოგოვინა
 
ასევე, ჟიურიმ გასცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში.

ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. წლის დასაწყისში დაანონსებულ ფესტივალზე 500-ზე მეტი ფილმი წარადგინეს 50-მდე ქვეყნის კინოსკოლიდან. სელექციის შედეგად კი საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა. 2015 წლის „ამირანის” ჟიური დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ასევე დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რომელთაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს.