ცნობილი ამერიკელი კინოკრიტიკოსი DENNIS HARVEY ლევან თუთბერიძის ფილმს „ცხრა მთას იქით“ ვრცელ სტატიას უძღვნის
ივლისი 2, 2015

„სოფლის უბრალო ცხოვრება საკმაოდ რთული აღმოჩნდება მოგზაურთათვის, რომლებიც საქართველოს ერთ პატარა სოფელში ხვდებიან. “სოფელი” ვეტერანი კინორეჟისორის, ლევან თუთბერიძის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმია, ლამაზი და აუჩქარებელი. ფილმში ერთი ინგლისელი ქალი, თავისი შეყვარებულის ნათესავებთან ჩერდება სოფელში. თავისი მიამიტი დამოკიდებულებით ადგილობრივი ადათ-წესების მიმართ, სერიოზულ შეცდომაში შეჰყავს საკუთარი თავი. ეს აუჩქარებელი, მაგრამ უწყვეტად საინტერესო ლამაზი დრამა ნამდვილად იმსახურებს გრძელ საფესტივალო ცხოვრებას, თუმცა მისი კომერციული შესაძლებლობები ალბათ მოკრძალებული იქნება.

მანქანაში ორნი სხედან, – ჟოლოსფერთმიანი ლონდონელი ქალი, ემი (კრისტალ ბენეტი) და ნიკა (თორნიკე ბზიავა), მისი კავალერი.

მათი ჯიპი გაჭირვებით მიიწევს ტალახიან გზაზე და როგორც იქნა იმ სოფლამდე აღწევს, სადაც ნიკას ბიძა გურამი (მიხეილ გომიაშვილი) ცხოვრობს. მათი ჩასვლის მომენტში გურამი სერიოზული პრობლემების წინაში დგას, თუმცა მას არ უნდა, რომ ჩამოსულებმა ამის შესახებ რამე იცოდნენ. პრობლემა კი ისაა, რომ სოფელს შეიარაღებული ჯარისკაცები არიან შესეული; ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სოფლელები ცნობილ ყაჩაღს მალავენ  და მართლაც, სწორედ გურამია ის, ვისაც ის დევნილი სატარა (ვახტანგ ჩაჩანიძე) ყავს შეფარებული.

ემის უჭირს იმის გაგება, რომ ყველაფერი ის, რაც მისთვის პროგრესული ღირებულებებია, აქ, ამ სოფელში შეიძლება ბევრისთვის შეურაცჰმყოფელი იყოს. ბრაზობს იმაზე, რომ მას აქ ნიკას “მეუღლედ” აცნობენ დანარჩენებს. არადა, ის და ნიკა აქ თავისი შერყეული ურთიერთობების მოგვარების იმედით არიან ჩამოსულები. ურთიერთობების, რომელიც საკმაოდ შორს დგას ცოლ-ქმრული ერთგულებისგან.

ემი ფოტოგრაფია, სოფელში სიარულისას იგი ხშირად უღებს ხოლმე ფოტოებს ადგილობრივებს და ნაკლებად აწუხებს ის, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობენ ადამიანები ამ დროს თავს. ეს განსაკუთრებით მუნჯ და გარიყულ კოპალეს (თორნიკე გოგრიჭიანი) ეხება. “ქვრივის შვილს,” რომელიც საკმაოდ ხშირად ჩნდება ხოლმე მოულოდნელად, როგორც ვინმე კავკასიელი ჰიტკლიფი, ვისი ზრახვებიც უფრო მზაკვრულია, ვიდრე ვნებიანი. ამ რომანტიულ პერსონაჟსა და სატარას შორის შესამჩნევი დაძაბულობაა, რომელიც ნელ-ნელა უარესდება, სავარაუდოდ მიზანმიმართულად.

“სოფელი” კარგად ნაგრძნობი და ინტიმური პორტრეტია სოფლური ცხოვრების. ცხოვრების, სადაც საუკუნოვანი ტრადიციები სუფევს და რომლის ბალანსსაც ჩვენი კეთილგანზრახული გმირი ქალი დაუფიქრებლად არღვევს. ცხოვრება სოფელში შეიძლება საკმაოდ პასტორალური ჩანდეს, მაგრამ ანა (ეკა მოლოდინაშვილი), გურამის მეუღლე, ახლოა სიმართლესთნ როდესაც ამბომბს – “ეს სოფელია, სულ სხვა სამყარო, აქ ჩვენ ყველას გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან!”

თუთბერიძის ფილმი აუჩქარებლად ვითარდება, ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე, მაგრამ ის მაინც გხიბლავს პოეტურობისა და მელოდრამატულობის ლაზათიანი ბალანსით. მსახიობები თავდაჯერეbულად თამაშობენ, გიორგი შველიძის პეიზაჟები საუცხოოდ იყურება ფართო ეკრანზე და ასეთივე საუცხოოა ფილმის მუსიკაც, რომლის ძირითდი თემაც ძალზედ შთამბეჭდავ ხალხურ მოტივებზეა.”

DENNIS HARVEY

სტატია ცნობილ ამერიკულ გამოცემაში „The Variety” დაიბეჭდა. მის ორიგინალ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: http://variety.com/2015/film/reviews/the-village-review-1201518441/