CineDOC-Tbilisi საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი 21-25 ოქტომბერი
ივლისი 31, 2015

CinéDOC-Tbilisi  პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიზნად დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალის პირველი გამოშვება 2013 წელს ჩატარდა. CineDOC-Tbilisi-ს მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.ფესტივალზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს კრეატიული დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და  პერსონაჟებით.

CinéDOC-Tbilisi-ს ფარგლებში ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც მონაწილეობენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ტარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინოპროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით. ფესტივალზე წარმოდგენილი საკონკურსო სექციებია:

* International Competition – საერთაშორისო საკონკურსო სექცია, სადაც ნაჩვენებია 10 ახალი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმი მთელი მსოფლიოდან.

* Focus Caucasus საკონკურსო სექციაში წარმოდგენილია ფილმები კავკასიის რეგიონიდან და მოსაზღვრე ქვეყნებიდან: რუსეთიდან და თურქეთიდან. სექციაში ასევე ნაჩვენებია საერთაშორისო ფილმები, რომლებიც კავკასიის თემას ეძღვნება  ან გადაღებულია კავკასიის რეგიონში.

* საკონკურსო სექციის CinéDOC-Young-ის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრებისათვის (8-25 წლამდე). ამასთანავე, სექცია საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება კონკურსები სხვადასხვა თემაზე. პროგრამაში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

CinéDOC-Young-ი, სხვა სექციებისგან განსხვავდება იმით, რომ მოზარდები ერთდროულად კონკურსის მონაწილეები, ჟიურის წევრები და მაყურებლებიც არიან.

ფესტივალის არასაკონკურსო სექციებში ყოველწლიურად სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე კეთდება აქცენტი. სხვადასხვა დროს ფესტივალზე წარმოდგენილი არასაკონკურსო სექციებია: ქართული პანორამა, სხვა სივრცე, უკრაინის ხმები, Best of IDFA Bertha Fund, ქალი კადრში და ისრაელი ფოკუსში. ამასთანავე, CinéDOC-Tbilisi ორგანიზებას უწევს ვორქშოპებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულნი არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ:

კატია ვილდელმუტი (შესყიდვების მენეჯერი – MDR), პოლ პოუველსი (EDN – ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმანი (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმანი  (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულისი (პროდიუსერი, ლატვია), იზაბელ არატე ფერნანდესი (IDFA Bertha Fund),  ტუე სტეენ მულერი (დოკუმენტური კინოს ექსპერტი, დანია), პიტერ საიმსი (პროდიუსერი, ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერი (პროდიუსერი, გერმანია), საშა კლეინი (პროდიუსერი, ისრაელი) და ა.შ.

ფესტივალის დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით CinéDOC–ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:

www.cinedoc-tbilisi.com