ქართული პროექტები ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (IDFA)
ნოემბერი 17, 2015
ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (IDFA) 18 – 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც რამდენიმე ქართული პროექტი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” (რეჟისორები : სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი). ასევე კონკურსში იღებს მონაწილეობას უგის ოლტეს “ორმაგი უცხოები”, რომელიც ქართულ – ლატვიური კოპროდუქციაა.
ცირა გვასალია პროექტით “ოთახები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 80 ახალგაზრდა დოკუმენტალისტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ფორუმში IDFAacademy, რომლის ფარგლებშიც ვორქშოპები და მასტერკლასები მოეწყობა.
500 პროექტს შორის ამოარჩიეს რატი ონელის “მზის ქალაქი”, რომელიც დახურულ ექსკლუზიურ ფორმატში Round Table Pitch წარსდგება, რაც დაინტერესებული პირებისთვის (სელექტორები, აგენტები) პროექტის წარდგენას გულისხმობს.
თომა ჩაგელიშვილის პროექტი “ბერლინის ახალი კედელი”  ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული. პროექტი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award – ით დაჯილდოვდა, რასაც მარკეტზე მიწვევა მოჰყვა.
ასევე, ფესტივალის მარკეტზე Docs for sale მონაწილეობას იღებს ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი “მადონა”, რომელიც IDFA-ზე ჩეხეთის დოკუმენტური ფილმების ინსტიტუტის მიწვევით მოხვდა. ფილმი ფესტივალის მარკეტის ონლაინ ბაზაში 2 წლის განმავლობაში იქნება, რაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მისი ნახვის საშუალებას მისცემს.
IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება.