ლანა ღოღობერიძეს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებენ
დეკემბერი 3, 2015
3 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში”, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო „პრომეთე” გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
რეჟისორს ჯილდოს ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები ურლიხ და ერიკა გრეგორები გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართება ლანა ღოღობერიძის ფილმის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჩვენება.
თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო წელს დააწესეს.
ფესტივალის ბოლო დღეს კიდევ ერთი სპეციალური პრიზი გაიცემა, რომელსაც სომეხი რეჟისორი, ერევნის კინოფესტივალისა და „ოქროს გარგრის” კინოფონდის დამფუძნებელი ჰარუტიუნ ხაჩატრიანი მიიღებს.