ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ოსკაროსანი პროდიუსერი ჩამოდის
მარტი 30, 2016
ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების ოსკაროსანი პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის – რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის,  მასტერ-კლასს ჩაატარებს.
სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა”. იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს როგორებიცაა:  საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია  (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.
სილია ვან დააკი თბილისში ჰოლანდიური ფონდის „არტექო” ორგანიზებით ჩამოდის. „ოსკარი გადაეცემა… –  სილია ვან დაიკის ვორკშოფები”  ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული უკვე მესამე პროექტია. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ქალაქ თბილისის მერია. 
ღონისძიების განრიგი:
4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი”, კოსტავას ქ. 36
12:00 – ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა
14:00 – პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორქშოფი
5 აპრილი, ვალერი არქანიას არტ გალერეა, დ. უზნაძის ქ. 68
14:00 – სილია ვან დაიკის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ   შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან  
ორივე დღეს ღონისძიბებზე დასწრება თავისუფალია.