ეროვნული კინოცენტრი განცხადებას ავრცელებს
ივლისი 7, 2016

ეროვნული კინოცენტრი ეხმაურება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრის მიერ პროექტის „არმატურა” შეფასებისას გაკეთებულ წერილობით კომენტარს. (პროექტი „არმატურა” – რეჟისორი ლაშა (გიორგი) ცქვიტინიძე, პროდიუსერი ნოდარ ნოზაძე). 

კინოცენტრი ბოდიშს უხდის კონკურსის მონაწილეებს იმის გამო, რომ ჟიურის წევრის ეს ყოვლად არაეთიკური ჩანაწერი სათანადოდ არ გაკონტროლდა და მოხვდა მიღებულ საბუთებში. ეროვნულ კინოცენტრს კანონით არ აქვს უფლება გაასაჯაროვოს ჟიურის ამ წევრის ვინაობა, თუმცა კინოცენტრი იმედს იტოვებს, რომ ის თავად მოუხდის ბოდიშს ამ შეფასების გამო პირველ რიგში პროექტის ავტორებს და შემდეგ მთელ კინოსაზოგადოებას. 
კინოცენტრი მიიჩნევს, რომ ჟიურის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მიუდგნენ პროექტების ავტორებს, არსებობს ასევე ჩვენ მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები, რომელსაც კონკურსამდე ხელს აწერს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ საკონკურსო რეგულაციები ეთიკის მხრივ დასახვეწია. 
ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი არ იმყოფება თბილისში, თუმცა რამდენიმე დღეში, დაბრუნებისთანავე, იგი სათანადო რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე.