თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

/თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.
დროთა განმავლობაში “პრომეთემ” თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.
კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. ჩვენ ვისწრაფით, რომ კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილი გახდეს. თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.
2019-04-30T10:03:57+00:00