სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსი 2/5

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2019 წლის 26 დეკემბერი

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი.

გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

კონკურსში არ განიხილება რეჟისორების პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები.

პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და განსაზღვრავს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას.

ქრონომეტრაჟი

ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 80 წთ-ზე ნაკლები.

კონკურსის ეტაპები

თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს (სცენარებს და სხვა დოკუმენტაციას).

კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპი არის  დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს  პროექტები, რომლებიც მიიღებენ მაღალ შეფასებებს.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. ინდმეწარმის ან იურიდიული პირის განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
  2. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და იურიდიული პირებისათვის ამონაწერი (სავალდებულოა 2020 წელს განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას), ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. რეჟისორის წინა ნამუშევარი ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (სავალდებულო);
  7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
  8. პროდიუსერის მოტივაცია;
  9. რეჟისორის ხედვა;
  10. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
  11. პროფესიონალურად დაფორმატებული ფილმის სცენარი (კინოცენტრის რეკომენდაციაა, სცენარი იყოს არა ნაკლებ 80 გვერდი);
  12. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ან სხვა აპრობირებული ფორმით);
  13. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
  14. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
  15. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

ალტერნატიული დაფინანსება

ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • კომპანიის ტექნიკური შენატანი;
  • ფულადი ინვესტიცია, რაზეც წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან;
  • ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები).

ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ საშუალებით 2020 წლის 7 თებერვალს 18:00 სთ-მდე; (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).

საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2020 წლის 14 თებერვალს 18:00 სთ-მდე; თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში, პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.

 

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება.

კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვს კონკურსი და ფილმის წარმოების ან ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესშია.

რეჟისორებს მიმდინარე კონკურსში  მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ და ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.

კონკურსში მონაწილე პირს უფლება აქვს, გამოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

კონსულტაციები

სასურველია კონკურსანტებმა წინასწარ გაიარონ კონსულტაცია.

კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

 

მისამართი: სანაპიროს ქუჩა #4 ,

ტელ:   +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი:    +995 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:    +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:    +995 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 

ბარძანების გადმოწერა

2019-12-26T18:08:40+00:00