2019 წლის 20 ივნისს ცხადდება კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ
საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონული პროგრამის საშუალებით ატვირთვის გარდა, კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.
საკონკურსო ფონდი შეადგენს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს, სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და განსაზღვრავს თითოეული პროექტისთვის დაფინანსების ოდენობას.
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
კონკურსის ეტაპები
თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს (სცენარებს და სხვა დოკუმენტაციას).
კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპი არის დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს პროექტები, რომლებიც მიიღებენ ქულათა მაქსიმუმს.
კონკურსში მონაწილე პირს უფლება აქვს საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განაცხადი(კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან(სავალდებულოა განახლებული იყოს 2019 წელს) ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის;
3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები;
5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
6. რეჟისორის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) და ჯგუფის წევრთა ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
9. ხელშეკრულებები ფილმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან (მხატვარი, ანიმატორი);
10. პროდიუსერის მოტივაცია;
11. რეჟისორის ხედვა;
12. ლოგლაინი;
13. ფილმის სინოფსისი;
14. ფილმის სცენარი;
15. ფილმის ვიდეოკადრირება;
16. ყველა მოქმედი გმირის ესკიზები 4 კუთხიდან: წინხედი, გვერდხედი, გვერდხედი ¾, ზურგხედი;
17. ყველა ფონი (ფერში);
18. მთავარი გმირების მოძრაობის ანიმაციური სინჯები/რა ტექნიკით იქნება შესრულებული ფილმი – ვიდეო სინჯი;
19. ფილმის ბიუჯეტი (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
20. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
21. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და ფილმის დასრულების თარიღს;
22. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული).
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (ელექტრონული და ბეჭდური ვერსია) წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად 2019 წლის 2 სექტემბრის 18:00 სთ-მდე;
კონკურსის მონაწილეებს 2019 წლის 10 სექტემბრამდე მიეცემათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. ამ თარიღის შემდეგ პროექტი ჩაითვლება რეგისტრირებულად და გადაეცემა საექსპერტო კომისიას განსახილველად.
თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.
პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგრძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა, ამ გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.
ალტერნატიული დაფინანსება
თუ ფილმის წარმოებისას გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;
ალტერნატიულ დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს.
ალტერნატიულ დაფინანსებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.
შეზღუდვები
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერის პროექტს, რომელმაც ვერ შეასრულა ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორის პროექტს, რომელსაც მოგებული აქვს კონკურსი და ალტერნატიული თანხის მოძიების პროცესში ან ფილმის წარმოების პროცესშია.
არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.
სასურველია კონკურსანტებმა წინასწარ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.
მისამართი: სანაპიროს #4
ტელეფონი: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;
საკონტაქტო პირები:ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250
ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 577 40 75 39
ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 85 07 81
ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge