მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის (2/7) პირობები

/მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის (2/7) პირობები

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის 2021 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების

კონკურსის (2/7) პირობები

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2021 წლის 20 ოქტომბერი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით   ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერი: პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ დაარეგისტრირებს იმ  პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული).

რეჟისორი: ეროვნული კინოცენტრი არ დაარეგისტრირებს იმ რეჟისორების პროექტებს, რომელთაც გაიმარჯვეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სხვა კონკურსში და პროდიუსერის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი წარმოდგენილი იყოს რეჟისორად კონკურსში მონაწილე ორ ან მეტ პროექტში.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

  1. განაცხადი;
  2. ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2021 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
  5. ფილმის ავტორთა და ჯგუფის წევრების (მხატვარი, ანიმატორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  6. რეჟისორის წინა ნამუშევარი;
  7. პროდიუსერის მოტივაცია;
  8. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  9. ფილმის სცენარი (სამუშაო ვერსია);
  10. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  11. ლოგლაინი;
  12. ფილმის მოკლე სინოფსისი 1 გვერდამდე;
  13. პერსონაჟის დიზაინი ფერში, სადაც პერსონაჟის ხასიათი და ვიზუალური სტილი იქნება ნაჩვენები;
  14. პერსონაჟის ჩანახატები მოძრაობაში (მინიმუმ სამი);
  15. ფილმის ვიზუალური კონცეპტი (სამი ნახატი);
  16. პროექტის განვითარების ბიუჯეტი.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS)  საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

დედლაინი

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2021 წლის 12 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.

 

კონკურსის  ეტაპები

კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს გარკვეულ ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.

მომდევნო ეტაპზე ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს. პროექტების გაცნობის შემდეგ ტარდება გასაუბრება პროდიუსერთან და ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.

შედეგების გამოქვეყნება და ინფორმაციის გამოთხოვა

კომისიის დასკვნის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს: აქვეყნებს რეიტინგულ სიას, გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2022 წლის  01 ივლისისა კინოცენტრს ჩააბარონ:

  1. სთორიბორდი (დეტალური კადრირება);
  2. ანიმაციური თიზერი;
  3. ლოგლაინი;
  4. სინოფსისი;
  5. დასრულებული სცენარი;
  6. პერსონაჟების განვითარებული ვიზუალი;
  7. ფილმში გამოყენებული ნივთების ესკიზები;
  8. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  9. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების გრაფიკი).

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 428 180 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

ბრძანების გადმოწერა

2021-10-20T14:48:17+00:00