სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი

ეროვნული კინოცენტრი აცხადებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის პირობები
კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
2018 წლის 29 აგვისტოს ცხადდება კონკურსი  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 – 2020 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო  გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
კონკურსში არ განიხილება რეჟისორების პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტები.
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.
ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 2 (ორ) პროექტს.
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 70 წთ-ზე ნაკლები.
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ კონკურსანტთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე. კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2.ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და იურიდიული პირებისათვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმის და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას),ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
6. რეჟისორის წინა ნამუშევარი ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (სავალდებულო);
7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
8. პროდიუსერის მოტივაცია;
9. რეჟისორის ხედვა;
10. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
11. ფილმის სცენარი
12. ფილმის ბიუჯეტი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
13. ფინანსური გეგმა (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
14. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
15. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);
ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისისა  წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილება იღებს კინოცენტრის დირექტორი.
ალტერნატიული დაფინანსება
იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული დაფინანსება წარმოდგენილია ფულადი ფორმით აღნიშნულ თანხაზე საჭიროა საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.
ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.
ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2018 წლის 15 ნოემბერი 18:00სთ-მდე; საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2018 წლის 22 ნოემბერს 18:00 სთ-მდე. თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
შეზღუდვები
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც, ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება(არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვთ კონკურსი და ფილმის წარმოების პროცესში არიან.
არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.
შენიშვნა:
სცენარი უნდა იყოს პროფესიულად დაფორმატებული და შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს (გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა). სცენარი შექმნილი უნდა იყოს პროგრამაში CELTX, FINAL DRAFT და სხვა ან WORD – ის ფაილში პროფესიულად აწყობილი და გამართული.
გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში სამუშაო საათებში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. #4 – ში,
ტელ: (+995) 32 2 999 200;
საკონტაქტო პირები:
ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: (+995) 577 955250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: (+995) 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: (+995) 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge
2018-10-30T11:49:35+00:00