სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის  პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობებ

2/9

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2021 წლის 29 ოქტომბერი

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ  პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული).

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორების პროექტებს, რომელთაც გაიმარჯვეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სხვა კონკურსში და პროდიუსერის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი წარმოდგენილი იყოს რეჟისორად კონკურსში მონაწილე ორ ან მეტ პროექტში.

მიმდინარე კონკურსში არ დაიშვება პროექტები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს დაფინანსება კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში.

 

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი;
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული 2021 წელს);
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას, ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. პროდიუსერის მოტივაცია;
  7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. რეჟისორის ხედვა;
  9. რეჟისორის ნებისმიერი წინა ნამუშევარი;
  10. მოკლე სინოფსისი (1 გვერდი);
  11. სცენარის სამუშაო ვერსია;
  12. პროექტის განვითარების ბიუჯეტი.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” ’’ (Cinamatography Management System – CMS)  საშუალებით. იხილეთ ვიდეოგზამკვლევი  https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

დედლაინი

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2021 წლის 10 დეკემბრის 17:00 სთ-მდე.

კონკურსის  ეტაპები

კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკავშირდება კონკურსანტებს და აძლევს გარკვეულ ვადას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილმწარმოების დეპარტამენტი არ განიხილავს პროექტების მხატვრულ მხარეს.

ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და/ან ავტორ(ებ)თან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. გასაუბრება მოიცავს პროექტის პრეზენტაციას და კომისიის წევრების კითხვებზე პასუხს. გასაუბრების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 30 წუთით.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით, რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას ან არცერთ პროექტს.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე  თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და ადგენს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას, პროექტის შემომტან პროდიუსერთან ერთად ბიუჯეტის კიდევ ერთხელ დეტალურად განხილვის შემდეგ.

შედეგების გამოქვეყნება და ინფორმაციის გამოთხოვა

კომისიის დასკვნის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსის შედეგებს: აქვეყნებს რეიტინგულ სიას, გამარჯვებულ პროექტებს და მათზე გამოყოფილი სუბსიდიების ოდენობას.

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, გამოითხოვოს ინფორმაცია   საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

პროექტის განვითარებისთვის მიღებული თანხა შესაძლებელია გაიხარჯოს შემდეგ მუხლებზე:

  • რეჟისორის, სცენარის ავტორის და პროდიუსერის ანაზღაურება (მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 25%-ს);
  • სკრიპტ-დოქტორის ჰონორარი;
  • სცენარის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის თარგმის ხარჯები;
  • მუდ ბუქის შექმნის ხარჯები;
  • თიზერის შექმნის ხარჯები;
  • პროექტის განვითარების კონსულტანტის ჰონორარი;
  • მივლინებები;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ინდუსტრიულ ღონისძიებებში პროექტის განვითარების მიზნით;
  • ბუღალტერის ანაზღაურება.

შენიშვნა: კინოცენტრი არ დააფინანსებს ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, ოფისის ქირას, კომუნალურ და საწვავის ხარჯებს.

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2022 წლის  9 აგვისტოსი კინოცენტრს ჩააბარონ:

  1. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ლოგლაინი;
  2. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინოფსისი (1 გვერდამდე);
  3. მუდ ბუქი – ქართული და ინგლისური ვერსიები (ლოგლაინი, სინოფსისი 1 გვ, რეჟისორის ხედვა 1,5 – 2 გვ, პროექტის ვიზუალური კონცეფცია შესაძლებელი მინიშნებებით – მითითებებით სხვა უკვე ცნობილი ფილმების მაგალითებზე, ესკიზები, დადასტურებული ან სავარაუდო ლოკაციების ფოტოები, ქასთინგი ან სავარაუდო ქასთინგი, შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები, პროდიუსერის ხედვა, კომპანიის პროფილი, პროექტის ტექნიკური, ფინანსური და კალენდარული ზოგადი მახასიათებლები), წარმოდგენილი ბუკლეტის ფორმატში.
  4. პროდიუსერის მოტივაცია;
  5. რეჟისორის ხედვა;
  6. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  7. ფინანსური გეგმა (საიდან შეივსება ფილმის სრული ბიუჯეტი);
  8. დასრულებული სცენარი არანაკლებ 80 გვერდისა;
  9. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების და პოსტ პროდუქციის ვადებს;
  10. თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში);

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 428 180 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

ბრძანების გადმოწერა

 

 

 

 

 

2021-11-01T14:30:20+00:00