თბილისი ევროპული კინოაგენტების ტრეინინგს უმასპინძლებს
მარტი 31, 2019

1-6 აპრილს თბილისი კინოაგენტების ტრეინინგს უმასპინძლებს.

კინოაგენტების სკოლის SOFA – School of Film Agents მეორე, დასკვნითი ვორქშოფი სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართება და მას საერთაშორისო კინო და ბიზნეს ექსპერტები გაუძღვებიან.

SOFA-ს ტრეინინგში მონაწილეობას იღებენ საკონკურსო საფუძველზე შერჩეული მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი, იზრაელი, უკრაინა და საქართველო). ისინი 2018 წლის აგვისტოდან ავითარებენ მათ ბიზნეს პროექტებს. პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი – ნიკოლაი ნიკიტინი.

გარდა მონაწილეებისთვის განკუთნილი პროგრამისა, კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საჯარო ღონისძიება:

  • აუდიოვიზუალურ სფეროში ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიის ARRI MEDIA პრეზენტაცია

კომპანიას წარადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი იოზეფ რაიდინგერი. მასთან ერთად დისკუსიას წარუძღვება ტრეინინგის ხელმძღვანელი ნიკოლაი ნიკიტინი.

4 აპრილი, 17.00 საათი
მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო რუმსი, Master Room

  • ვროპის კავშირის სააგენტოს EACEA პრომოუშენის, ტრეინინგის და ფესტივალების სექტორის ხელმძღვანელის, სუნ-მი პეტენის პროგრამული პრეზენტაცია

პრეზენტაცია დასრულდება SOFA ტრეინინგის ფარგლებში განვითარებული პროექტების ღია წარდგენით. ღონისძიებას წარუძღვება ტრეინინგის რეგიონალური კოორდინატორი, თამარ ტატიშვილი.

5 აპრილი, 12.00 საათი
თ. ჭოველიძის ქ. 7, ლოლიტა ლაუნჯი, მე-2 სართული

SOFA წარმოადგენს პროფესიულ ვორქშოფს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინოაგენტების მოსამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია “ფილმპლიუსი” (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და თეიქს ფილმი (საქართველო).

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; “აწარმოე საქართველოში”; ევროკავშირის პროგრამა – “შემოქმედებითი ევროპა”.

პროექტის პარტნორები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა ოფისი, პოლონეთის კინო ინსტიტუტი, ვარშავის კინო-კომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, ისრაელის კინოფონდი.

ტრეინინგის მუდმივი ლექტორია საქართველოს დელეგატი ევროპის საბჭოს ფონდში “ევრიმაჟი” – თამარ ტატიშვილი.
2019 წლის ტრეინინგზე საქართველოს ნათია ნიკოლაშვილი წარმოადგენს პროექტით პოსტ-პროდუქციის ონლაინ ჰაბი.

კინო აგენტების სკოლა 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილე პროექტებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეტაპობრივ დახვეწას. თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე.
პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უკვე ხუთი წელია მასპინძლობს SOFA -ს. 2016 წელს ევროპის კავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გადაწყდა 2017 წლის მაისში SOFA-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო.

სკოლა მიზნად ისახავს რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში.