კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 10 ყველაზე იმედისმომცემ, ახალგაზრდა რეჟისორს შორის დავით გურგულიას წარადგენენ
ივნისი 5, 2018
EFP (European Film Promotion) 10 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა რეჟისორს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს. ფესტივალთან თანამშრომლობით, EFP კინოინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს 4 დღის მანძილზე (1-4 ივლისი) ახალგაზრდა რეჟისორების ფილმების საერთაშორისო და ევროპულ პრემიერებს შესთავაზებს. თავად რეჟისორებს კი შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მასტერკლასს, შეხვდნენ პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს, რათა გააფართოვონ მათი საერთაშორისო კავშირები.
EFP-ის პროგრამა კარლოვი ვარის ფესტივალზე წელს მეოთხედ იმართება და ეროვნული კინოცენტრი, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ქართველი კანდიდატის წარმდგენია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 რეჟისორს შორის მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი  დავით გურგულია მისი ფილმით “დიალექტი”, რომელიც ფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ შარშან იგივე პროგრამაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი გიორგი მუხაძე. 
FUTURE FRAMES მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი თაობის რეჟისორების აღმოსაჩენად. სწორედ ამ პლატფორმისთვის არჩევენ EFP-ის წევრი ორგანიზაციები საინტერესო ახალგაზრდა ტალანტებს. წელს შერჩეული რეჟისორების ფილმებიდან უმრავლესობას უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს.
EFP ინიციატივა „შემოქმედებითი ევროპის” მედია პროგრამის, ევროკავშირისა და EFP-ს წევრი ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 27 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩეხეთში ჩატარდება.