ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც, ცას ვუყურებთ?” საერთაშორისო კინოფესტივალებზე
ივნისი 20, 2021

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც, ცას ვუყურებთ?” საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.

18 ივნისს ფილმის ჩვენება გაიმართა ბაზელში, საერთაშორისო კინოფესტივალ BILDRAUSCH-ის საერთაშორისო კონკურსში. 25 ივნისს “რას ვხედავთ როდესაც, ცას ვუყურებთ?” გადაინაცვლებს იტალიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე სახელწოდებით La Mostra Internazionale del Nuovo Cinema, ასევე საკონკურსო სექციაში. ფესტივალი ქალაქ პეზაროში წელს 57-ედ ჩატარდება.

იტალიის შემდეგ ალექსანდრე კობერიძის ნამუშევარს აჩვენებენ საფრანგეთში, კინოფესტივალზე La Rochelle Cinéma (Fema). ღონისძიება 1973 წლიდან იმართება. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სექციაში წელს 38 ფილმია წარმოდგენილი. ივლისის თვეში კი ფილმს “რას ვხედავთ როდესაც, ცას ვუყურებთ?” უმასპინძლებს GARAGE – ღონისძიება, რომელიც რუსეთში თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, სადაც მას გადაეცა ფიპრესის ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ფილმის შესახებ შესანიშნავი რეცენზიები დაიწერა საერთაშორისო პრესაში.