ანსის კინოფესტივალზე ქართულმა დელეგაციამ მსოფლიო კინოინდუსტიის წარმომადგენლები დააინტერესა
ივნისი 20, 2016
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. წელს ფესტივალს საქართველოდან 17 კინემატოგრაფისტი ესწრებოდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში აჩვენეს მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი “მზის ჩასვლა”.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე საკუთარი პროექტები წარადგინეს სანდრო ქათამაშვილმა და ტატო კოტეტიშვილმა.
ორივე ქართულმა პროექტმა მსოფლიო ანიმაციური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სანდრომ და ტატომ კინოფესტივალზე გამგზავრების შესაძლებლობა ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის საერთაშორისო კინოფესტივალების ერთობლივ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს, რომელიც წელს უკვე მეორედ გამოცხადდა.
ანსის კინოფესტივალს ესწრებოდა ამავე კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანა ჩუბინიძე. იგი პროექტით “ჯიბის კაცი” პროგრამაში Artist-in-Residence 2016 იღებდა მონაწილეობას.
“ჯიბის კაცი” პირველი ქართულ -ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში. (ქართულ მხარეს წარმოადგენს სტუდია კვალი XXI , ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ხოლო ფრანგულს – სტუდია Folimage)
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ჟიურიში წელს ქართველი რეჟისორი ნანა ჯანელიძე მიიწვიეს. იგი სატელევიზიო ანიმაციურ ფილმებს აფასებდა.
მსოფლიოს გამორჩეული ანიმაციური ფესტივალების ორგანიზატორების შეკრებაზე “Meet Festival Programers”, წელს უკვე მეორედ, მარიამ კანდელაკი წარმოადგენდა ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს.
შედგა მოლაპარაკებები ნიუ იორკის, ტოკიოს, ჰიროშიმას, ბრიუსელის, ზაგრების, ლუქსენბურგის და კორეის კინოფესტივალებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
წელს ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ სტუდიის QUBITZ პროდიუსერი ირაკლი ღარიბაშვილი და ნიქოზისა და თოფუზის საერთაშორისო კინოფესტივალების საორგანიზაციო ჯგუფი.
ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.