8 ოქტომბერს გამოვლინდა საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. ეს სტატუსი დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარმა მოიპოვა სახელწოდებით “დასაწყისი”. გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
- ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
- ოთარ ბუბაშვილი
- გოგი გვახარია
- ლაშა ბაქრაძე
- ალეკო ცაბაძე
- გიორგი შველიძე
- სალომე დემურია
- ია შუღლიაშვილი
- მაკო ჭილაშვილი
- ანა ჭყონია
- მარიამ ხაჭვანი
- ვაკო კირკიტაძე
- ლაშა ცქვიტინიძე
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 3 ქართული ფილმი იბრძოლებდა:
- “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სწორედ ამ 3 ფილმს შორის გააკეთა.
ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.
“დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი ახლახანს გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს ნიჟარა”, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).
“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.