დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა
სექტემბერი 20, 2020

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი” გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ტორონტოში დეას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა გაიმართა.

ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

“დასაწყისი”-ს მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სულ რამდენიმე დღეში გაიმართება. ფილმი ფესტივალის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად იბრძოლებს.