“დრო იწურება განთიადისას” – ეროვნული არქივის კინოთეატრში ნელი ნენოვასა და გენო წულაიას 1965 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება
თებერვალი 5, 2020

ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ ნელი ნენოვასა და გენო წულაიას 1965 წელს გადაღებულ ფილმს სახელწოდებით „დრო იწურება განთიადისას“. ფილმში მთავარ როლებს არიადნა შენგელაია და მერაბ თავაძე ასრულებენ.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს ქართული კინოარქივის არაერთი ნამუშევარი დაიწვა, მათ შორის იყო ფირი ფილმისა „დრო იწურება განთიადისას“. შესაბამისად, იგი მრავალი წელია ფართო აუდიტორიას არ უნახავს. ფილმის ნაწყვეტები ახლახანს აჩვენეს არიადნა შენგელაიას „ვარსკვლავის“ გახსნაზე, რამაც კინომცოდნეებისა და კინომოყვარულების დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლახანს რუსეთიდან ჩამოიტანეს ფილმის დივიდი ვერსია, რომელსაც ვუჩვენებთ მაყურებელს. ღონისძიებას დაესწრება მერაბ თავაძე.

„დრო იწურება განთიადისას“ გადაღებულია უილიამ აირიშის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, სადაც ბედის საძიებლად ჩასული უმუშევარი ტოი დიდ თანხას მოიპარავს, საცეკვაო დარბაზში შესული კი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად “ამერიკა” კინოსტუდიის დიდ პავილიონში აშენდა. გადაღებები ასევე მიმდინარეობდა მოსკოვში. ამერიკული ნაწარმოების ეკრანიზაცია იმდროინდელი ქართული კინოსთვის ერთობ უჩვეულო ამბავი იყო.

რეჟისორები : ნელი ნენოვა, გენო წულაია;
სცენარის ავტორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია;
ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი;
კომპოზიტორი: ოთარ გორდელი;
მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი;
მსახიობები: არიადნა შენგელაია, მერაბ თავაძე, გურანდა გაბუნია, თენგიზ დაუშვილი, ვლადიმერ ცხვარიაშვილი, რევაზ ხობუა.

ფილმზე დასწრება თავისუფალია.
ჩვენება შედგება 2020 წლის 9 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში (პეკინის #40).