ევრიმაჟის რიგით 140-ე სამუშაო შეხვედრის მასპინძელი საქართველოა
ოქტომბერი 11, 2015
12-16 ოქტომბერს საქართველო ევრიმაჟის რიგით 140-ე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. ევროპის კავშირის კინოს მხარდაჭერის და განვითარების  ფონდის გასვლითი სესია  თბილისში პირველად იმართება. შეხვედრის მასპინძელია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. 

თბილისში ევრიმაჟის  წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, გაიმართება დახურული სესია და გადაწყდება ამ პერიოდისთვის წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხი. 
12 ოქტომბერს, 18 საათზე  ევრიმაჟის დირექტორს – რობერტო ოლას და მთელ დელეგაციასოფიციალურ მიღებას გაუმართავს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე. 

ამავე დღეს ევრიმაჟის ინიციატივით გაიმართება პროფესიული პანელ დისკუსია თემაზე – ქალთა გენდერული საკითხი კინოში – ქართველი რეჟისორი ქალების ფენომენი, მათი პროფესიული გზა და შეხედულება გენდერულ თანასწორობაზე. 
 
პანელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორები:  ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე,  ქეთი მაჭავარიანი, რუსუდან ჭყონია. 
მოდერატორები: თამარ ტატიშვილი – ევრიმაჟში  საქართველოს წარმომადგენელი და სანია რავიჩი – ევრიმაჟში ხორვატიის  წარმომადგენელი. 
ევრიმაჟის ფონდის თითოეული წარმომადგენლის თბილისში ყოფნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ევროპულ კინო-პროცესებში. ეს ასევე კარგი შანსია ადგილობირივი ტალანტების აღმოსაჩენად.
ევრიმაჟში საქართველოს გაწევრიანება
საქართველო ფონდს კინოცენტრის რამდენიმე წლიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად 2011 წელს შეუერთდა.(2011 წელს კინოცენტრის დირექტორი იყო თამარ ტატიშვილი). ფონდში საქართველოს დღეს წარმოადგენს თამარ ტატიშვილი. იგი ასევე ატიპიური პროექტების შეფასების თემაზე მომუშავე შიდა ჯგუფის პრეზიდენტია. 
ევრიმაჟის დაფინანსებით უკვე შექმნილია ისეთი წარმატებული ქართული ფილმები როგორებიცაა, “მანდარინები”, (ზაზა ურუშაძე), “სიმინდის კუნძული”, (გიორგი ოვაშვილი) “ძმა” (თეონა და ტიერი გრენადე). ასევე საქართველოს მონაწილეობით შექმნილი ევროპული კოპროდუქციები “პრეზიდენტი” (მოჰსენ მაკმალბაფი), “ჩაიკა” (მიგელ ანხელ ხიმენესი), “გველის ნაკბენი” (ელდარ შენგელაია და რუსტამ იბრაგიმბეკოვი), “ეპიკი” (პაველ პავლიკოვსკი).
ქართულ პროექტებს ჯამურად 1,620,000 (მილიონექვსასოცი ათასს) ევრომდე აქვთ მიღებული.