ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) 2015 წელს მეათედ წარდგა.
კინობაზრობაზე გაიხსნა საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდა ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს სტენდზე გაიმართა შეხვედრები ეროვნული კინოცენტრის პარტნიორებთან და საერთაშორისო კოლეგებთან. დაიგეგმა არაერთი სამომავლო საერთაშორისო პროექტი, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი შეხვედრები:
1. ვენის ფესტივალი lee’s cee. 2015 წელს დაგეგმილია შეხვედრა ფესტივალის ფარგლებში, სადაც უნდა გაკეთდეს კინოცენტრის პრეზენტაცია, რათა საფუძველი ჩაეყაროს კოპროდუქციებს ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებთან. მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს ფესტივალი ანაზღაურებს.
2. Festival Scope – მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება ფილმების ფესტივალებზე წარდგენა. დაიდო ხელშეკრულება კინოცენტრსა და Festival Scope-ს შორის, 2015 წლიდან იქმნება ცალკე გვერდი საქართველოსთვის, სადაც ახალი ფილმები განთავსდება, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ფილმების უფრო მეტ ფესტივალზე მონაწილეობას.
3. ლაროშელის ფესტივალი (საფრანგეთი),ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 26 ივლისიდან 5 აგვისტომდე ფოკუს ქვეყანაა საქართველო. შეირჩა 12 თანამედროვე ფილმი.
4. Creative Europe – შედგა შეხვედრა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარ კულტურულ პროგრამასთან, რომელიც ევროპული დაფინანსების კულტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში გამოყენების საშუალებას იძლევა. შეხვედრაზე დაზუსტდა გაწევრიანებასთან დაკავშირებული დეტალები. დაიგეგმა საქართველოს წარმომადგენლის ვიზიტი ბრიუსელის სათაო ოფისში.
5. შეხვედრა პოლონეთის ფილმ ინსტიტუტთან (კინოფონდი) – დაიგეგმა პოლონური დელეგაციის სტუმრობა თბილისში 19-22 მარტს.
დელეგაციაში იქნებიან: Creative Europe-ის – პოლონელი წარმომადგენელი, Film Commissioner, კინოფონდის წარმომადგენელი, ვაიდას სახელობის კინოსკოლის ხელმძღვანელი და ვარშავის კინოფესტივალი დირექტორი. გაიმართება პოლონური და ქართული კინოორგანიზაციების პრეზენტაცია, შემდეგ ეტაპზე კი ქართველ და პოლონელ პროდიუსერებს შორის შედგება საქმიანი შეხვედრები მომავალი კოპროდუქციის დასაგეგმად, სტუმრებს შორის იქნება ოსკარის ორ ნომინაციაზე ნომინირებული ფილმის „იდა” პროდიუსერი ევა პუშინსკა კომპანია OPUS FILM-დან, რომელსაც დაგეგმილი აქვს კონკრეტულ ქართულ პროექტში მონაწილეობა. ნაჩვენები იქნება ევროპის კინოკადემიის მთავარი პრიზიორი და 2014 წლის ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ლეგენდარული პოლონური ფილმი „იდა”.
6. ნიონის კინოფესტივალი Vision Du Reel – ნიონის კინოფესტივალი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალს. წელს აპრილში ამ კინოფესტივალზე ფოკუსია საქართველოზე. ნაჩვენები იქნება 15 ქართული დოკუმენტური ფილმი (2000-2014 წ,) შერჩეულია 6 ქართული პროექტი, რომლის პრეზენტაცია ჩატარდება 400-მდე უცხოელი პროდიუსერის წინაშე (ფილმები და პროექტები შერჩეული ნიონის კინოფესტივალის სელექციონერების მიერ). პროექტების ავტორები თავადაც გაემგზავრებიან ნიონში და გამართავენ ტავიანტი პროექტები „პიჩინგს”. გამარჯვებული პროექტი მიიღებს პრიზს 10 000 ფრანკის ოდენობით.
ფესტივალის მთავარ კონკურსში შერჩეულია ქართული დოკუმენტური ფილმი „ მადონა” – რეჟისორი ნინო გოგუა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ეროვული კინოცენტრის, ქართულ დოკუმენტალისტიკაში არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო წარმატების პრეზენტაცია.
7. სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული სექცია – პროგრამის ორგანიზატორ, გიულინ უსტინთან შეხვედრაზე დაიგეგმა ქართული პროექტის გამგზავრება სტამბულის ინდუსტრიულ შეხვედრებზე.
8. შეხვედრა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ანიმაციური სტუდიის მფლობელთან Hahn Film-ის პრეზიდენტთან გერდ ჰანთან: Hahn Film AG | film & media production მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი ანიმაციური პროექტის დაწყებაზე. ეს პროექტი წიგნის სახლთან და გამომცემლობებთან ერთად უნდა განხორციელდეს.
9. EFA Young Audience Award: გაიმართა შეხვედრა ევროპის კინოაკადემიის ნორჩი მაყურებლის ჯილდოს მომწყობ კომისიასა და მონაწილე ქალაქების წარმომადგენლებთან. პირველად თბილისში 2014 წელს ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, ორგანიზატორების მხრიდან თბილისში ჩატარებული ღონისძიება ყველაზე მაღალ დონეზე ორგანიზებულად დასახელდა და შესაბამისად დაიგეგმა იმ სიახლეების გაზიარება ევროპის სხვა ქალაქებისთვის, რომელიც ჩვენთან განხორციელდა. 2015 წელს შესაძლოა ევროპის ნორჩ მაყურებელთა ჯილდოს შერჩევის ქალაქებს კიევიც დაემატოს, ამ შემთხვევაში სწორედ თბილისი ღონისძიების ორგანიზატორები დაეხმარებიან უკრაინელ კოლეგებს ღონისძიების დაგეგმვაში.
10. ანესის კინოფესტივალის წარმომადგენელთან შეხვედრა – დაიგეგმა ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის მიერ შერჩეული მენტორის (მის ჰონორარს ფარავს ანესის ფესტივალი) ვიზიტი, რომელიც ტრეინინგს ჩაუტარებს 6 ქართულ პროექტს. რის შედეგადაც საუკეთესო ერთი პროექტი გაემგზავრება ანესიში. ფესტივალზე პიჩინგის და აკრედიტაციის ხარჯებს ფესტივალი დაფარავს, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს კი ქართული მხარე.
11. სოფიის კინოფესტივალი – 2015 წლის მარტში გამართულ კინოფესტივალზე ფოკუს ქვეყანაა საქართველო.
იგეგმება საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სტუმრობა.
ფესტივალის მთავარ კონკურში მონაწილეობას იღებს ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი”.
კოპროდუქციის ბაზრობაზე Sofia Meetings შერჩეულია გრიგოლ აბაშიძის ფილმი მეზობლები – პროდუსერი ლაშა ხალვაში.
ქართული პროგრამა შემდეგი ფილმებისგან შედგება:
• გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”
• ზაზა ურუშაძის „მანდარინები”
• ნინო კირთაძის „არ ისუნთქო”
• ნანა ჯორჯაძის „ჩემი სირინოზი, ჩემი ლორელეი” და „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
• თინა ყაჯრიშვილი „პატარძლები” ,
• ლევან კოღუაშვილი – „ბრმა პაემნები”
• მერაბ კოკოჩაშვილის „ღვინის აკვანი”
• მოჰსენ მაკმალბაფის „პრეზიდენტი”
(ფილმები შეარჩია სოფიის კინოსფესტივალის სელექციონერებმა)
ფესტივალის დახურვას მუსიკალურად გააფორმებს ქართული ბენდი “Asia Sounds
12. შეხვედრა ტალინის Black Night კინოფესტივალის დირექტორ თინა ლოკთან.
2014 წლიდან ტალინის კინოფესტივალი FIAPF-ის მიერ შერჩეულია ეგრეთ წოდებული „ა” კლასის კატეგორიაში. წელს 13-29 ნოემბერ გასამართ კინოფესტივალზე ფოკუს ქვეყანა საქართველოა.
დაიგეგმა 10-12 როგორც ძველი, ასევე ახალის ქართული ფილმის ჩვენება. კინოფესტივალის გახსნის ფილმად შეირჩა კოტე მიქაბერიძის მუნჯი ფილმი „ჩემი ბებია”. ფილმისთვის მუსიკას შექმნის ქართველი მუსიკოსი, რომელსაც შემდეგ ქართველი დირიჟორი ესტონურ ორკესტრთან ერთად ცოცხლად შეასრულებს ფილმის მსვლელობის დროს.
ქართული კინოსექტორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ ინდუსტრიულ შეხვედრებში: დისტრიბიუტორების შეხვედრები, Work in Progress, ანიმაციის პლატფორმა, დებიუტანტ რეჟისორთა პიჩინგები. ფესტივალს გახსნის საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
13. ქართული ფილმების შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისთვის: საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო წარმოების დასრულების ეტაპზე მყოფი რამდენიმე ფილმი, მოხდა ფილმების შეთავაზება მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალებისთვის. ფილმების შერჩევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია შესაბამისად შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.