ეროვნული კინოცენტრი კანის ვირტუალური კინობაზრობისთვის პროდიუსერების განაცხადების მიღებას იწყებს!
მაისი 13, 2020

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების დახმარების მიზნით კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ვირტუალურ კინობაზრობაზე (Marché du Film Online).

კანის ვირტუალური კინობაზრობა გაიმართება 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით. ღონისძიების ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი გეგმავს საქართველოს ვირტუალური პავილიონის მოწყობას და სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებას, როგორიც არის კინოინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან შეხვედრა ან პროექტების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი წარმოების ფილმების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის მოპოვებაში.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პროდიუსერებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოების დაფინანსება და რომლებიც არ არიან შესული წარმოების პროცესში (ჯერ არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება კინოცენტრთან).

ეროვნული კინოცენტრი შერჩეულ პროდიუსერებს დაუფინანსებს ვირტუალური კინობაზრობის აკრედიტაციას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ღონისძიებაში სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა.

განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობები:

  1. განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ფილმის პროდიუსერს;
  2. ფილმის პროექტი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  3. წარმოდგენილი ფილმის პროექტი არ უნდა იყოს შესული წარმოების პროცესში;
  4. განმცხადებელმა უნდა დაწეროს განცხადება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და ამასთან ერთად წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (კინობაზრობაზე დაგეგმილი შეხვედრები, პარტნიორის მოძიების სტრატეგია თუ სხვა).
  5. კინობაზრობის დასრულების შემდეგ პროდიუსერი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრს წარუდგინოს ფესტივალზე განხორციელებული აქტივობების ანგარიში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 მაისი.

გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
m.mariamidze@gnfc.ge
info@gnfc.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ მარიამიძე (საქმეთა მწარმოებელი)
ტელ: +995 32 2999 100 ; +995 577 752 545