პირველ ივლისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში” 6 ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა. ექვსივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია, რომელთა გადაღებაში თიბისი ბანკმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო.
ჩვენების დაწყებამდე საზოგადოებას ერთობლივი ინიციატივა ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გააცნეს, რის შემდეგაც ფილმების ჩვენება დაიწყო.
საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ეხილა შემდეგი ახალი ქართული ფილმები:
· ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა”
· ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა”
· თორნიკე ბზიავას „მექელეხე”
· გიორგი წილოსანის „მზადება”
· თამარ შავგულიძის „პირველი დღე”
· დათა ფირცხალავას „მამა”
ყოველი ფილმის დასრულების შემდეგ, სავსე დარბაზი აპლოდისმენტებით ეგებებოდა რეჟისორებს. ბოლოს კი რეჟისორებმა სცენაზე გადაინაცვლეს, სადაც სტუმრებს მათთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.