ეროვნულმა კინოცენტრმა ჟურნალ FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გამართა
ოქტომბერი 29, 2015
28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჩაის სახლში (მის: ლაღიძის #2) ჟურნალ FILM PRINT-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის შემოდგომის ნომერში აქცენტი სპეც პროექტზე „ხუთი გრძნობა” და ფოტოპროექტზე „ცხოვრების წესი” კეთდება. მკითხველს საშუალება ექნება წაიკითხოს საინტერესო ინტერვიუები შტეფან ტოლცთან და ნიკი კარიმთან, გაეცნოს მიმოხილვებს, რეცენზიებს, ნანა ჯორჯაძის მასტერკლასს და ა.შ.
ასევე, ჟურნალში ტრადიციულად მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები.
FILM PRINT – ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. 2015 წლის შემოდგომის ნომრის რედაქტორები არიან კინომცოდნეები ნინო კალანდია და სალომე კიკალეიშვილი.
ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.
ჟურნალი FILM PRINT ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.